შესყიდვის რა ფორმას ირჩევენ მუნიციპალიტეტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად

1270

წინა სტატია

სამცხე-ჯავახეთის 50-ზე მეტ სოფელში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები უკვე შეარჩიეს. ახლა თვითმმართველობებმა უნდა გადაწყვიტონ, მათ შესასრულებლად ტენდერებს გამოაცხადებენ, თუ პირდაპირი შესყიდვის წესით გასცემენ თანხას. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტში 32 დასხლებული პუნქტისთვის 428 000 ლარი გამოიყო. ამ თანხის 100%–ს, სოფლებში განსახორციელებელი პროექტების ღირებულებას, თვითმმართველობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაამატებს. მერიაში აცხადებენ, რომ პროექტების ნაწილის შესასრულებლად ტენდერებს გამოაცხადებენ, ნაწილზე კი კერძო პირებთან ხელშეკრულებებს გააფორმებენ.

ასპინძის სოფლებისთვის გამოყოფილ 152 000 ლარს, თვითმმართველობა 150 000–ს უმატებს. აქ ჯერ სოფლის საერთო კრებები არ გამართულა. მერიაში ამბობენ, რომ პროექტების შესყიდვის ფორმას, მას შემდეგ განსაზღვრავენ, რაც დასახლებებში პრიორიტეტებს შეარჩევენ: “გააჩნია რა მოსაზრებები ექნებათ სოფლებში ადგილობრივებს, თანხებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს თანხმობა და მზაობა იმაზე, რომ დავდოთ ტენდერზე და ეს უფრო გამჭვირვალე და კარგი იქნება, მაგრამ ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ პატარა, მაგალითად, 5000 ლარიანი პროექტების ტენდერზე დადება დიდ სარგებელს ვერ მოიტანს“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 606 000 ლარი დაიხარჯება. ამ თანხის ნახევარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. როგორც ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე ამბობს, ის თუ რა ფორმით შეისყიდიან პროექტებს, ეს დამოკიდებული მათ საერთო მოცულობაზე იქნება.

ანალოგიურია რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების პირველი პირების პოზიციაც.

ექსპერტი თვითმმართველობების საკითხებში ირაკლი მელაშვილი თვითმმართველობების წარმომადგენლებს ურჩევს, რომ მცირე პროექტების განხორციელებაში ადგილობრივები ჩართონ: “თუ დიდ პროექტებს გააერთიანებენ, ბუნებრივია, ტენდერი უნდა გამოაცხადონ, მაგრამ მცირე პროექტებზე სოფლებში, უმჯობესია, ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმონ და თანხა პირდაპირი შესყიდვით მისცენ. სოფლებში არიან ადამიანები, რომლებმაც იციან ის მცირე რაღაცები როგორ გააკეთონ და ეს პროგრამა მათი დროებითი დასაქმების საშუალება იქნება“.

პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა დასახლებებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განაწილდება: 200 კაცამდე – 5 000 ლარი, 400 კაცამდე – 6 000 ლარი, 1 000 კაცამდე – 8 000 ლარი, 1 000 კაცზე მეტი – 10 000 ლარი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 20 მილიონით გაიზრდება.