გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, მეღვრეკისსა და ერგნეთში წელს საბავშვო ბაღების მშენებლობა დაიწყება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განცხადებით, მეჯვრისხევში აღსაზრდელები სკოლამდელ განათლებას ნაქირავებ ფართში იღებენ, რადგან შენობა სადაც მანამდე საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა საფრთხის შემცველი აღმოჩნდა და დაიხურა. რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, ერგნეთსა და მეღვრეკისში, ამ დრომდე საბავშვო ბაღს არ უფუნქციონირია, რის გამოც, ბავშვები სკოლამდელი განათლების მისაღებად, მეზობელ სოფლებში დაყავდათ. შენობების მშენებლობის დაგეგმვა, მერიის ინაფორმაციით, მხოლოდ წელს გახდა შესაძლებელი.
ამ დროისთვის გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სულ 62 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება ფუნქნციონირებს. ამ რაოდენობას აღნიშნული სოფლების გარდა, სადგურის საბავშვო ბაღიც შეემატება. მერიაში აცხადებენ, რომ ამ ობიექტის მშენებლობის დასრულება 2019 წელს აღარ გასცდება.