“გორის მერს აღარანაირი ძალა აღარ შესწევს, სახელმწიფო რწმუნებულის გავლენების ხელშეწყობის გარდა, ამიტომ აუცილებელია ის გადადგეს და დაინიშნოს შუალედური არჩევნები”, – ასე ეხმაურებიან გორის მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ოპოზიციის წარმომადგენლები. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ერთიან ნაციონალური მოძრაობაში თვლიან, რომ საკადრო წმენდა სახელმწიფო რწმუნებულის ინტერესებს ემსახურება და გორის მერის განცხადებები აღნიშნულთან დაკავშირებით რეალობას მოკლებულია.
“ეს ყველაფერი არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ უფრო მეტად წარმოსადეგი ხდება გორის მერის უუნარობა. მას აღარანაირი ძალა აღარ შესწევს, გარდა იმისა, რომ აასრულოს სახელმწიფო რწმუნებულის დავალებები და გააძლიეროს მისი გავლენები. ამის არაერთი თვალსაჩინო მაგალითი გვაქვს. კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელად სახელმწიფო რწმუნებულმა გორის მერს საკუთარი კურსელი დაანიშნინა. სინამდვილეში ბატონ ბაჩანას გორთან არანაირი შეხება არ აქვს, თბილისში ცხოვრობს და გორის პრობლემებს არ იცნობს. ასევეა მერის ახალი მოადგილეც, დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ისიც სახელმწიფო რწმუნებულთან დაახლოებული პირი და მისი მეგობარია.
აქედან გამომდინარე, ამ პრობლემებს არაფერი არ მოაგვარებს. სახელმწიფო რწმუნებულის გავლენების გაძლიერება მუნიციპალიტეტში ავტომატურად კლავს თვითმმართველობის არსს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. მიგვაჩნია, რომ თავზარაშვილი არ არის გორელების მერი, ის არის “ქართული ოცნების“ მარიონეტი, რომელსაც ყველაფერზე ხელს აწერინებენ, რაც სჭირდებათ. ის უნდა იყოს დამოუკიდებელი, არ უნდა ეშინოდეს სახელმწიფო რწმუნებულის გავლენების და უნდა იცავდეს თითოეული გორელის ინტერესებს“,- აცხადებს ვასილისა ჯაბახიძე.