თბილისის მერი კახა კალაძე გაზის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავას და “ყაზტრანსგაზ – თბილისის“ სპეციალურ მმართველს, გიგლა თამაზაშვილს შეხვდა. ასევე, შეხვედრას ვიცემერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გაზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით პასუხისმგებლობის გამკაცრებაზეც. ასევე, შეხვედრაზე, განიხილეს თუ როგორი უნდა იყოს მიდგომები ახალ მშენებლობებთან და უკვე არსებულ საბინაო ფონდთან დაკავშირებით.
დედაქალაქის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებთ, თბილისის მერიამ უსაფრთხოების წესების დარღვევაზე რეაგირების ზომები უკვე გაამკაცრა. გარდა ამისა, მისივე თქმით, დაწყებულია მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზეც და ამ პროცესში დედაქალაქის მერია აქტიურად ჩაერთვება.
“რა თემაც შეიძლება იყოს ჩვენთან კავშირში, იქნება ეს ექსპლუატაციაში მიღება, უსაფრთხოების სტანდარტების მიღწევა თუ სხვა მიმართულება, მერია მზად არის ჩაერთოს. აქ საუბარი იყო, რომ გაჟონვის დეტექტორები სავალდებულო გახდეს ახალ ობიექტებზე, ძველებზე პირველ ეტაპზე დაიწყოს სერვის პაკეტების შეთავაზება და მომხმარებელმა საკუთარი ინიციატივით მოითხოვოს ამ სისტემის მონტაჟი სახლში, კომპანიებმა კი შეძლონ ამ მომსახურების მიწოდება. გარდა ამისა, საუბარი იყო აკრედიტირებული ორგანოების შექმნაზე იმისთვის, რომ ზოგადად, სახლში გაზის სისტემის უსაფრთხოება კვალიფიციურმა პირებმა და კვალიფიციურმა კომპანიებმა შეამოწმონ. ამით ჩვენ მივაღწევთ გარკვეულწილად უსაფრთხოების სხვა სტანდარტს.
ასევე, ვმსჯელობთ იმაზე, რომ დავაბრუნოთ რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიღებამდე შესახლების შეზღუდვას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია და ზოგადად, ექსპლუატაციაში მიღებაც მიებას გაზისა და ელექტროსისტემის გამართულობას, ანუ კორპუსი არ ჩაიბაროს მერიამ, სანამ შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანიები არ დაადასტურებენ, რომ იქ სათანადოდ არის უზრუნველყოფილი ქსელის გაყვანა და მისი მონტაჟი“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.