მიმდინარე წლის დასაწყისიდან თბილისში, ბუნებრივი გაზი გაჟონვის შედეგად მომხდარი უბედური შემთხვევების გამო საქართველოს მთავრობა შესაბამის უწყებებთან ერთად გაზის მოხმარებისას უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაზე მუშაობს. ამ პროცესში ჩართულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაც. როგორც სემეკ-ის წევრმა გიორგი ფანგანმა გამოცემა “BM.GE-ს” განუცხადა, ახალი რეგულაციების ერთი ნაწილი უშუალოდ მომხმარებლებს შეეხება.
“ჩვენ რაც ვნახეთ, ძირითადი პრობლემა, რამაც უბედური შემთხვევები გამოიწვია, ეს არის არასწორად დამონტაჟებული ხელსაწყოების მიერ გაჟონვა და შემდეგ ინტოქსიკაცია. ანუ, რეალური, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მოსახლეობა თვითნებურად არასწორად აყენებს გარკვეულ გაზმიმღებ დანადგარებს. კომპანიებმა აღმოაჩინეს თითქმის ყველა ასეთი დანადგარი, რომელიც შემდგომ მაინც უბედური შემთხვევით დასრულდა. განაწილების ლიცენზიანტმა ეს დანადგარი ჩახსნა და მომხმარებელს განუმარტა, რომ არ შეიძლება ამ დანადგარით ბუნებრივი გაზის მოხმარება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამას არანაირი სანქცია მოჰყვება, ლიცენზიანტის თანამშრომლები რომ ტოვებდნენ ტერიტორიას, ისევ ხელახლა ხდებოდა ამ დანადგარების მონტაჟი. ამიტომ პირველი, რაც გვინდა გავაკეთოთ, ის არის, რომ იყოს გარკვეული პასუხისმგებლობა, თუნდაც ჯარიმა და შევიდეს ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში მომხმარებლის პასუხისმგებლობა დადგეს“, – განმარტა სემეკ-ის წევრმა.
გარდა ამისა, გიორგი ფანგანის ინფორმაციით, საჭიროა, ბუნებრივი გაზის შიდა ქსელების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის – უწყების განსაზღვრა.
“არსებული კანონმდებლობით, ეს პასუხისმგებელი პირი არის მომხმარებელი, თუმცა ის არ არის ექსპერტი და ვერ მოვთხოვთ მას გარკვეულ ცოდნას, ამიტომ უნდა იყოს ისეთი პირი, რომელიც დასკვნას გასცემს. ასეთი პირი შეიძლება იყოს აკრედიტირებული შესაბამისი ორგანოს მიერ, რომელსაც ექნება ერთის მხრივ შესაძლებლობები, რომ შეისწავლოს შიდა ქსელის პროექტი, გამოყენებული მასალები, დანადგარების დაერთების პროცესი და მეორეს მხრივ, ამ აკრედიტაციის საფუძველზე დადოს დასკვნა. ეს დასკვნა იქნება ის დოკუმენტი, რომლიც განაწილების ლიცენზიანტს საშუალებას მისცემს, მიაწოდოს გაზი. დასკვნა თუ არ იქნება, მომხმარებელი გაზს ვერ მიიღებს“, – განაცხადა ფანგანმა და დასძინა, რომ აღნიშნული სახის დასკვნები ბუნებრივი გაზის მომხმარებელს უნდა ჰქონდეს როგორც ექსპლოატაციაში ახალშესულ კორპუსებში, ისე უკვე დასახლებულ შენობებში.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული რეგულაციების დასანერგად არაერთ კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს.
“ეს იქნება სხვადასხვა საკანომდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიზანი იქნება როგორც უბედური შემთხვევების პრევენცია, ასევე ურთიერთობების დარეგულირება“, – აღნიშნა მან.
ასევე, ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობაში არსებული რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამაც ისაუბრა და მისი თქმით, სამინისტრო საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, რათა მოსახლეობამ იცოდეს, როგორ დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება ბუნებრივ გაზთან მიმართებაში.