“წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ჩარიცხული 250 000 ლარი გრიგოლ ივანეიშვილმა სესხად აიღო. არსებობს ნოტარიულად გაფორმებული სესხის ხელშეკრულება”, – ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგილ ივანეიშვილის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს. ინფორმაცია “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
„ივანეიშვილის უფლებამოსილება არ ყოფილა იმ კონკრეტული საკუთრების ტენდერზე გატანა. არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჰქონდა ავტორიტეტი, გაესხვისებინა ტენდერით შენობა. წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ჩარიცხული 250 000 ლარი მას არ აუღია, მან ეს თანხა სესხად აიღო. ნოტარიულად არის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა.
ორივე დაკავებულს ბრალი სუს-ში 26 იანვარს წარედგინა.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.
თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში“, – ნათქვამია აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და ქრთამის აღების დახმარებაზე დაკავებული მაღალჩინოსნების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ, ბრალდების მხარე მათ პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.
„ბრალდების მხარე ორივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუკი ეს პირები გარეთ იქნებიან, არსებობს ვარაუდი, რომ საქმეზე დასაკითხ მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენენ და ასევე ხელს შეუშლიან საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას.
არსებობს როგორც ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ასევე მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ერთობლივად ადასტურებენ აღნიშნული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულს. ეს მოწმეები არიან, როგორც უცხოელი ინვესტორი, ასევე საკრებულოს თანამშრომლები”, – განაცხადა საქმის პროკურორმა, ელიზბარ გოზალიშვილმა.