სუს-მა ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ვაკის გამგებლის მოადგილე დააკავა

830

წინა სტატია

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

“თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში.

გამოძიება თეიმურაზ ჩოჩუას მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 25-338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს”, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებაზე წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე 25 იანვარს დააკავა.