საბარგო სადგურზე ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან

813

ღია კანალიზაცია და მწერებითა და ქვეწარმავლებით სავსე დასახლება – ახალციხეში, საბარგო სადურზე მცხოვრებლები გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

დღეს, 6 ივნისს, დილიდან, საბარგო სადგურის ტერიოტორიაზე ხმაური იყო. ადგილობრივები საკანალიზაციო სისტემის მშენებლობის მოთხოვნით შეიკრიბნენ. ისინი ამბობენ, რომ წლებია ღია საკანალიზაციო სისტემაა და ფეკალური მასები ხან მათ ეზოებში, ხან კიდევ ცენტრალურ გზაზე გადადის.

„წლებია ასეა, რამდენჯერ შეიძლება გავაპროტესტოთ და მოვთხოვოთ ადგილობრივ ხელისუფლებას გააკეთოს?!”- გვეუბნება ადგილობრივი ფიქრია ორმოცაძე.

ადგილობრივები ჩივიან, რომ ზაფხულში, ტემპერატურის მატებისთანავე, დასახლებაში არასასიამოვნო სუნი ვრცედება და გარდა ამისა, ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი მატულობს.

„ღია კანალიზაციის ჩაყოლებაზე სახლები დგას, იქვე ვცხოვრობთ. გუშინაც ქვეწარმავალე ვნახე სახლის ეზოში. გვეშინია ბავშვები არ დაკბინონ“, – ამბობსაიდა სოიანი.

საბარგო სადგურის ტერიტორიის ერთ ნაწილში, სადაც ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, იმის გამო, რომ ფეკალური მასა გზაზე არ გადასულიყო, მშენებლებმა დროებით გაჭრეს არხი და გარშემო მიწა შემოაყარეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა არ დაიწყება, მშენებლების გაკეთებულ არხს მოარღვევენ: „გამოვალთ ბარებით და ამ კანალიზაციას გზაზე გადავუშვებთ, ხელს შევუშლით მუშაობაში“.

ადგილობრივების თქმით, მერია დაჰპირდა, რომ მიმდინარე წელს საკანალიზაციო ქსელი მოეწყობოდა, ამისთვის, გარკვეული ტერიტორიის დათმობა იყო საჭირო: „არ დაგვათესინეს, კანალიზაციის სისტემა უნდა გაკეთდესო, მაგრამ არავინ გამოჩენილა“.

საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობა საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიის პრეროგატივაა. მერიაში ამბობენ, რომ მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს საუბარი ქუჩების მოასფალტებაზე.

წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ პროექტი არსებობს, დაფინანსება კი არა.

„ახლა მუშაობენ, რომ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციისგან დაფინანსება მოიპოვონ“, – ამბობენ უწყებაში.

ახალციხის მერიაში კი აცხადებენ, რომ თავად ფინანსებს მოასფალტებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ელიან.

„ადგილობრივ ბიუჯეტში თანხები არ გვაქვს, ამიტომ მუნიციპალური განვითარების ფონდს მივმართეთ არაერთხელ, რომ დაეფინანსებინათ. ამ დრომდე არაფერია“, – ამბობს საბარგო სადგურის დეპუტატი ქალაქის საკრებულოში გელა პეტაშვილი.

მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ საბარგო სადგურთან დაკავშირებით რაიმე პროექტზე საუბარი არ მიმდინარეობს.

ვიდრე შესაბამისი უწყებები ფინანასებს ეძებენ, საბარგო სადგურზე მწერებსა და ქვეწარმავლებს ებრძვიან და ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივი ხელისუფლება მათი პრობლემით არ დაინტერესდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ: „გადავკეტავთ ცენტრალურ გზას (საუბარია თბილისი – ახალციხის მაგისტრალზე, რომელიც დასახლებასთან გადის და სადაც ახლა რეაბლიტაციაც მიდინარეობს), ვერც ტრანსპორტი გაივლის და არც მშენებლობის საშუალებას მივცემთ“.