განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მუნიციპალიტეტებში ბავშვების სატრანსპორტო მომსახურებისთვის გამოცხადებული ტენდერის ჩაშლის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სამინისტრო ორიენტირებულია პრობლემის გადაჭრაზე. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მინისტრის თქმით, “ასეთი პრობლემები წამოიჭრება ხოლმე, მაგრამ მთავარი არის ის, რომ მის გადასაჭრელად აქტიურად მუშაობა მიმდინარეობს”.
“ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში ტრანსპორტირების პრობლემა, ამიტომ აქტიურად ვართ ჩართულები, რომ აღნიშნული რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას. რაც მთავარია, ყველანი ორიენტირებული ვართ, პირველ რიგში, არა პრობლემის წამოჭრით, არამედ გადაჭრით. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემა ძალიან სწრაფად გადაიჭრება და სკოლებში ბავშვების მიყვანა მოხდება რაც შეიძლება, სწრაფად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე”,- აღნიშნა მან.
ამასთან, მიხეილ ბატიაშვილმა ტენდერის ჩაშლის მიზეზად საკანონმდებლო რეგულაციები დაასახელა.
“მოგეხსენებათ, რომ არსებობს რეგულაციები, კანონის მოთხოვნა, თუმცა ისიც გვესმის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავჭრათ ეს პრობლემა. რაც შეიძლება სწრაფად, კანონიერების ფარგლებში უნდა მოვძებნო გამოსავალი, რომ ბავშვების დროულად უზრუნველყოფა მოხდეს”,- განაცხადა მინისტრმა.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ინფორმაციით, 21 იანვარს საქართველოს 36 რაიონის 100-ზე მეტი სკოლის ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშე დარჩა და ათობით კილომეტრის გავლა სკოლამდე ფეხით მოუწია. როგორც უგულავამ სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა, ამის მიზეზი პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის “გაუაზრებელი გადაწყვეტილება გახდა”, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტებს სატრანსპორტო შესყიდვების ჩატარების შესაძლებლობა ჩამოერთვათ. “ევროპული საქართველო” მოითხოვს, დაუყოვნებლივ დადგეს შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც ევალებოდათ პრობლემის დროულად მოწესრიგება და გაუქმდეს პრემიერ ბახტაძის „მავნებლური და არაკომპეტენტური გადაწყვეტილება“.