ქვემო ქართლის მერები: მოგვეცით მეტი უფლება

913

რადიო “თავისუფლება”

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტები მეტ უფლებებს ითხოვენ მეტი შესაძლებლობისათვის – იქნება ეს ქონების განკარგვა, სერვისების მიწოდება თუ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება.

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული პრინციპი – სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილების გამიჯვნა სუბსიდირების პრინციპის საფუძველზე – არის ბაზისი, რომელზე დაყრდნობითაც უნდა მოხდეს საბჭოური მემკვიდრეობით მიღებული ცენტრალიზებული მართვის საბოლოო გარდაქმნა“, 

“საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული პრინციპი – სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილების გამიჯვნა სუბსიდირების პრინციპის საფუძველზე – არის ბაზისი, რომელზე დაყრდნობითაც უნდა მოხდეს საბჭოური მემკვიდრეობით მიღებული ცენტრალიზებული მართვის საბოლოო გარდაქმნა” – 2019-2025 წლებზე გათვლილი დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის პროექტიდან, რომელიც ამჯერად რუსთავში განიხილეს. განხილვაში მონაწილეობდნენ ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მხარის გუბერნატორი, ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტები და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგია ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდას, ფინანსურ დეცენტრალიზაციას და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ეფექტური მექანიზმების დანერგვას. ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა სტრატეგია მოიწონეს, მაგრამ მისი განხორციელების ვადები დაიწუნეს. ჰქონდათ უამრავი სხვა შენიშვნაც. მაგალითად, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა დაიჩივლა იმაზე, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი უამრავ ფულს კარგავს, რადგან ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილ მიწებს ვერ განკარგავენ.

მისი განმარტებით, ეკონომიკური თუ ფიზიკური პირები ამჯობინებენ არა თვითმმართველობის კუთვნილ ტერიტორიაზე კანონიერ, არამედ, სახელმწიფო მიწებზე დარღვევებით საქმიანობას, რისთვისაც ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია მათი დაჯარიმება არაუმეტეს 1000 ლარისა. დაეს მაშინ, დასძინა გიორგი ტატუაშვილმა, როცა თვითმმართველობა, თუნდაც განკარგვის წესით ამ მიწების გადმოცემის შემთხვევაში, 2 მილიონი ლარის საბიუჯეტო თანხის მობილიზებას შეძლებდა.

დმანისის მერს სავსებით დაეთანხმა თვითმმართველობის საკითხთა ექსპერტი ირაკლი მელაშვილი:

“სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწები უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტებს, რომ შეძლონ მათი ოპერირება. სხვა გამოსავალი, რომ თვითმმართველობები ფეხზე დადგნენ, უბრალოდ, არ არსებობს ამ [ქვემო ქართლის] რეგიონში”.

ირაკლი მელაშვილმა წამოჭრა ადგილობრივ დონეზე ტყით სარგებლობის პრობლემაც:

“ტყეში მუნიციპალიტეტი ვერ შედის, მოსახლეობა ვერ შედის. ტყეში ან საძოვარზე გლეხი რომ შევიდეს, ცენტრალური ხელისუფლებიდან, სამინისტროდან ნებართვა სჭირდება. ეს არის არანორმალური ვითარება”.

ირაკლი მელაშვილის შეფასებით, ზოგიერთი სამინისტრო ამ საკითხებს კონსერვატიულად უდგება და არ სურს ხელიდან მართვის სადავეების გაშვება. სხვა პრობლემები დაასახელა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ. მაგალითად ის, რომ ფაქტობრივად, მერიას მუშაობა უწევს კვალიფიციური სტატისტიკური ანალიზის გარეშე:

“დღეს სტატისტიკის სამსახურს, შემოსავლების სამსახურთან კარგად თანამშრომლობის შემთხვევაში, შეუძლია [ჩვენთვის] სტატისტიკური მონაცემების მოწოდება. მართალია, მას რეგიონულ ჭრილში ადგენენ, მაგრამ არ ხდება ამ მონაცემების ჩაშლა დიდი ქალაქებისთვის”.

ირაკლი ტაბაღუასავე განცხადებით, რუსთავს, როგორც სამრეწველო ქალაქს, ძალიან აწუხებს ეკოლოგიური პრობლემები, ეს სფერო კი ცენტრალური ხელისუფლების ზედამხედველობის ქვეშაა. განხილვის შემდეგ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყველა საკითხი, რომელიც თვითმმართველობებმა წამოსწიეს, სამინისტროს პოზიციას ემთხვევა და უკვე გაზაფხულიდან პარლამენტი დაიწყებს კანონებში ცვლილებების შეტანას:

“პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის უკვე დავიწყებთ პროექტების ეტაპობრივად წარდგენას. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე დასრულდება მთელი საკანონმდებლო პაკეტის მიღება – როგორც კანონების, ისე კანონქვემდებარე აქტების. ეს საკანონმდებლო ცვლილება ქონების ნაწილს არ ეხება, რადგან თვითმმართველობის კოდექსში ქონების განკარგვის შესახებ სრული ჩანაწერი არსებობს”.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიული დოკუმენტი უკვე განიხილეს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში.