ბატიაშვილი სკოლის დირექტორებზე: პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება შეუძლიათ, თუმცა ელოდებიან მითითებებს

1051

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში სკოლებში შესაძლებელია ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება ადგილზე, თუმცა ამას სჭირდება კეთილი ნება დირექტორების მხრიდან. ბატიაშვილის თქმით, ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს უპასუხისმგებლობას, ამიტომ განათლების სამინისტრო აუცილებლად განახორციელებს მკაცრ მონიტორინგს, რამდენად შეეცდებიან სკოლების დირექტორები პრობლემების გადაჭრას.

“ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მაგრამ მინდა გამოვყო ერთი თემა – აქტიური მუშაობა დირექტორებთან. გარდა იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, არსებობს ბევრი საკითხი, რომელიც შეიძლება ადგილზე გადაიჭრას და არ სჭირდება ამას არც სამინისტროების ჩარევა, არც არაფერი, უბრალოდ კეთილი ნება და მეტი პასუხისმგებლობა სჭირდება სკოლების დირექტორების მხრიდან. შეიძლება ისინი უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული მარტივი პრობლემების გადაჭრაში.

ჩვენი სამინისტრო გააგრძელებს სკოლების მონიტორინგს, ისე, როგორც აქამდე აკეთებდა, რადგან ძალიან ბევრი პრობლემა, მაგალითად, რეგიონებში, არის ისეთი, რაზეც შეიძლება დირექტორებმა აიღონ პასუხისმგებლობა და ადგილზე გადაიჭრას. ისეთი დამოკიდებულება, რომ სანამ ვიღაცა არ დამავალებს და არ მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას, არაფერს გავაკეთებ – ჩვენთვის მიუღებელია. ამ კუთხით, აქტიურ მონიტორინგს განვახორციელებთ. ძალიან მნიშვნელოვანია დირექტორების დამოკიდებულება ამ კუთხით. არის პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც არ სჭირდება არც დედაქალაქისგან და არც მუნიციპალიტეტისგან მითითება, ხშირად საქმე გვაქვს დაუდევრობასა და უპასუხისმგებლობასთან და ეს ყველაფერი შესაძლებელია ადგილზე გადაიჭრას“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით სამინისტრო აქტიურ მონიტორინგს განახორციელებს.