თბილისის მერიამ კომპანიასთან, რომელმაც ვაკის პარკში სასტუმრო უნდა ააშენოს, შეთანხმებას ვერ მიაღწია

815

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

დედაქალაქის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ, ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებელ კომპანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თბილისის მერიამ და სასტუმროს მშენებელმა კომპანიამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

“ორი ბრძანება იყო სასამართლოში გასაჩივრებული – ერთი იყო სპეცნებართვა 2013 წელს გაცემული, რომელიც გიგი უგულავამ გასცა, ამის საფუძველზე იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა ვადიანი, რომელსაც ეს ვადა ამოეწურა. ეს ადამიანი აცხადებს, რომ ხელში უჭირავს უვადო სპეცნებართვა და მის საფუძველზე ეკუთვნის მშენებლობის ნებართვა მაშინ, როდესაც ამას მოითხოვს. გარკვეული პროცედურის საფუძველზე ამ ნებართვის გაცემის რეჟიმში მერია აუცილებლად ჩავარდება, თუ ეს კომპანია გააკეთებს მომართვას.

გუშინ, მედიაშიც და სოციალურ ქსელშიც იყო საუბარი, რომ ნებართვას ვადა აქვს გასული და საერთოდ რაზე ვმსჯელობთ, ნებართვას ვადას გაუვიდა, მაგრამ ნებართვა რის საფუძველზეც გაიცა, ეს არის სპეციალური აქტი, რომელიც 2013 წელს გამოსცა იმდროინდელმა მერმა და რომელიც დღესაც ძალაშია. ამის საფუძველზე მას მშენებლობის მოთხოვნის უფლება აქვს და აქვს უფლება მოითხოვოს 30 -მეტრიანი სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში. ეს არის ის საკმაოდ მძიმე ვითარება, რომელიც მერიას შეექმნა და ახლა ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რომ ეს არ დავუშვათ.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, გავცეთ მშენებლობის ნებართვა ვაკის პარკში 30- მეტრიანი სასტუმროს ასაშენებლად. ჯერ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ის თანხმობას არ აცხადებს არც მონაცვლეობაზე და არც პარამეტრების შემცირებაზე“,- განაცხადა ხმალაძემ.

თავის მხრივ, სასტუმრო “ბუდაპეშტის” დამფუძნებელმა გიორგი ზაქაიძემ თბილისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მერია ძველებურად ხელების გადაგრეხაზეა გადასული და მერიის პირობები მათთვის მიუღებელია.

“რეალობა არის ის, რომ მერია საზოგადოების მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშ არის, გადასული არიან ისევ ძველებურად ხელების გადაგრეხაზე, ნარმანიას შემდეგ იგივეს აკეთებენ ესენიც. არ აქვთ უფლება ჩვენ მშენებლობის ნებართვა არ გაგვიგრძელონ და არ მოგვცენ. ჩვენმა კომპანიამ იყიდა მიწა მშენებლობის ნებართვიანად. 2013 წლის მშენებლობის ნებართვა თავისი სპეცნებართვით ჩვენ გვაქვს აღდგენილი სასამართლოს მიერ განჩინებით და დავალებული აქვს მერიას, რომ ჩვენ ეს მშენებლობის ნებართვა აღგვიდგინოს.

დღეს მერია მეუბნება, რომ მე მშენებლობის ნებართვა არ მაქვს. არადა ჩვენ გვაქვს ეს სპეცნებართვა და მშენებლობის ნებართვის გაცემა, რაზეც ისინი აპელირებენ, რომ თითქოს ტექნიკური ხარვეზია, იმას სჭირდება ერთი სამუშაო. თუ ეს ნებართვა არ აღგვიდგინა მერიამ, ჩვენ წავალთ სასამართლოში და იმის გარდა, რომ აღვიდგენთ ამ მშენებლობის ნებართვას, რაც უკვე აღდგენილი გვაქვს ამ სპეცნებართვით, ამის გარდა ვიდავებთ ზიანზე, რაც ძალიან დიდია. იმის გარდა, რომ არის ზარალი, არის კიდევ დრო, რომელსაც ვკარგავთ. იმის მაგივრად, რომ ამაზე დაგელაპარაკონ, გველაპარაკებიან, რომ ავაშენოთ რაღაც პატარა რესტორანი, ან გავცვალოთ მიწის ნაკვეთი. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს. 5 წელი სასამართლოში ვიბრძოდით, რომ აღგვედგინა უფლებები და დღეს ისევ იმავეს აკეთებენ. ამ 5 წლის განმავლობაში ჩვენთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია”,- განაცხადა ზაქაიძემ.

მანამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შესაჩერებლად მერიის ბერკეტები დაასახელა.

უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობის აკრძალვაზე “მწავნე ალტერნატივას” სარჩელი არ მიიღო.