თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 21 იანვარს იმ ინვესტორებს ხვდება, რომლებსაც ვაკის პარკში სასტუმროს აშენება სურთ. “მიუხედავად მათი არაკეთილსინდისიერი განცხადებებისა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ ქალაქის ინტერესებიდან გამოვიდეთ”. ამის შესახებ კალაძემ გადაცემა”იმედი LIVE-ის” ეთერში განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ის და მისი გუნდი მათ ხელთარსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა არ დაუშვან ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა. მშენებლობის შესაჩერებლად კალაძემ რამდენიმე ბერკეტი ჩამოთვალა, რომელიც მერიამ ინვესტორებს შეიძლება შესთავაზოს. ეს ბერკეტებია: ადგილმონაცვლეობა, კომპენსაცია: “რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა იყოს გონივრულობის ფარგლებში შეფასებული”, – თქვა კახა კალაძემ და დასძინა, რომ “მერია მზად არის”
“ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია ამხელა შენობა-ნაგებობის აშენება მწვანე სივრცეში. დღეს ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ქალაქს გააჩნია, არის მწვანე სივრცის ნაკლებობა, გაჩეხილი სკვერები და ასეთ ადგილებში მშენებლობებზე გაცემული ნებართვები, გამწვანების ვალდებულების გარეშე”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ამ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული ყველაზე მძიმე და რთული მომენტიც გამოყო. მისი თქმით, გადააწყვეტილებაში წერია, რომ მშენებლობაზე გაცემული ნებართვა პრობლემას არ წარმოადგენს და ამიტომ ინვესტორებს მშენებლობის ნებართვა მერიამ უნდა აღუდგინოს, რაც კალაძის შეფასებით, ყველაზე ცუდი ამბავია.
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობის აკრძალვაზე “მწავნე ალტერნატივას” სარჩელი არ მიიღო.