კალაძეს გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე “ვეფხისტყაოსნის ტყის“ გაშენებას სთავაზობენ

1354

თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამა “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე, რომელიც ახლა დაკონსერვებულია, ტყის გაშენებას სთავაზობს.

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 352 მიმდინარე, 263 დაბლოკილი, 1 უარყოფილი, 13 განსახილველი, 466 არშემდგარი და 2 შეთანხმებული იდეა ფიქსირდება.

ერთ-ერთი იდეის ავტორი პროექტის “ვეფხისტყაოსნის ტყე ყოფილ ნაგავსაყრელზე” განხილვას ითხოვს.

“გლდანის ნაგავსაყრელი წლების განმავლობაში წამლავდა ადგილობრივ მოსახლეობას. ნარჩენების დაწვისას წამოსული სმოგი მიკრორაიონების თავზე ღრუბელივით იდგა და დამწვარი ცელოფნისა და პლასტმასის სუნი დაკეტილი ფანჯრებიდანაც კი აღწევდა.

ახლა ნაგავსაყრელი დაკეტილი და დაკონსერვებულია. თვითლპობის პროცესს კიდევ ათეული წელი დასჭირდება, თუმცა არის ადგილები, სადაც ნარჩენები სრულად უტილიზებულია.

თბილისს ხშირად უწუნებენ ჰაერს. ერთ დროს კი დედაქალაქში ცხოვრებას სწორედ ფილტვების დაავადებების მქონე ადამიანებს უნიშნავდნენ ექიმები.

ვფიქრობ, რომ გლდანში, დახურულ ნაგავსაყრელებზე ტყის გაშენება, ერთის მხრივ სამართლიანი იქნება გლდანელებისთვის, მეორეს მხრივ კი ქალაქისთვის ქარსაცავი ზოლი და ბუნებრივი ფილტვები იქნებოდა.

რაკი არ გვაქვს “ვეფხისტყაოსნის” მუზეუმი ან რაიმე მონუმენტური ძეგლი, “ვეფხისტყაოსნის” ტყის დაარსება შეიძლება კარგი სტარტი აღმოჩნდეს მსგავსი იდეების განხორციელებისთის.

პროექტს რამდენიმე დადებითი მხარე ექნება: ქალაქისთვის სუფთა ჰაერი; “ვეფხისტყაოსნის” პოპულარიზაცია; ტურისტული ადგილის შექმნა; მიმდებარე სივრცის ათვისება და ქალაქის ამ ნაწილის შემდგომში ურბანული განვითარება; განაშენიანება მოხდებოდა მოსახლეობის მიერ. შეტანილი წვლილი მზრუნველობის მომენტს ამძაფრებს და ხის დამრგავს “საკუთრების” განცდა გაუჩნდებოდა”, – აცხადებს იდეის ავტორი გურამ მეგრელიშვილი.

თავის მხრივმ იდეის ავტორი აღწერასთან ერთად მერიას ვიდეოსაც სთავაზობს, რომელშიც მსგავსი პროექტის წარმატებული მაგალითებია მოყვანილი.

იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2 500 ხმას შეაგროვებს. ამ დროისთვის, გურამ მეგრელიშვილის იდეას 1 065 ხმა აქვს. იდეისთვის ხმის მიცემა 2019 წლის 18 მარტამდეა შესაძლებელი.

თბილისის მერიამ “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, რამდენიმე პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო.