ქვეყნის მდგრადი განვითარება დეცენტრალიზაციის გარეშე შეუძლებელია

1907

ნიკოლოზ შარვაშიძე – EECMD თელავის დემოკრატიის სკოლის კორდინატორი

ქალაქი თელავი დღეს საქრთველოში ერთ-ერთი პოპულარული ქალაქია და ბევრ ადამიანს მოსწონს. ხშირად მომისმენია ქართველებისგანაც და უცხოელებისგანაც, რომ განსაკუთრებით გამორჩეული ქალაქია, თავისი არქიტექტურით, კულტურით და ხალხით, რითაც აჯადოვებს ეს ქალაქი მის სტუმრებს და კვლავ უჩენს უკან დაბრუნების სურვილს. ალბათ, მეც რომ ტურისტი ვყოფილიყავი, მომეწონებოდა ეს ქალაქი თავისი ხედებით, არქიტექტურით და მისი ბევრი საინტერესო ადგილით.

ტურსიტისთვის ,,ერთი ნახვით შეყვარება“ შეუძლია ამ ქალაქს, მაგრამ ამ ქალაქს არ შეუძლია საკუთარი მოქალაქეების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მოზიდვა და ადგილზე დაკავება – მიუხედავად იმისა, რომ თელავში განთავსებულია უნივერსიტეტი, რომელიც ერთადერთი უნივერსიტეტია კახეთში, ყოველწლიურად იკლებს სტუდენტთა რაოდენობა; მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქში, რეგიონის სხვა ქალაქებთან შედარებით, ახალგაზრდებისთვის გაცილებით მეტი შესაძლებლობებია, მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების სფეროც და ბიზნესიც მეტად განვითარებულია და სხვა ქალაქებთან შედარებით, მეტად მოვლილი და კოხტა ჩანს.

2014-2017 წლებში თელავი თვითმმართველი ქალაქი იყო. ერთი შეხედვით, თელავი მის გარშემო არსებული სოფლების გარეშე წარმოუდგენელია და ასეცაა ნამდვილად. მაგრამ აქ კიდევ არის ერთი დიდი ,,მაგრამ“: ქალაქის ინფრასტრუქტურა სრულიად სხვაა და სოფლის – სხვა. გამოცდილებამ გვაჩვენა და გვაჩვენებს, რომ ქალაქს, ხშირ შემთხვევაში, რადიკალურად განსხვავებული პრობლემები და საკითხები აწუხებს და გადაჭრის გზებიც სხვადასხვაა.

იმ მცირე პერიოდში, როდესაც თელავი თვითთმართველი ქალაქი იყო საკუთარი ბიუჯეტით და ადმინისტრირებით, ბევრი რამ შეიცვალა. თელაველების დამოკიდებულებაც შეიცვალა და თელავის მოქალაქეებმაც დაამტკიცეს 2017 წელს, რომ მათთვის თვითმმართველობა და თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო, სადაც სტატუსის გაუქმებაზე შეგროვდა ხელმოწერები და მოქალქეები საკუთარი ნებით მოდიოდნენ, აწერდნენ ხელს პეტიციას და გამოთქვამდნენ აზრს. როგორც თავად იტყოდნენ ,,პაპას ქალაქი“ უნდა იყოს თვითმმართველი და ,,ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდესო“.

მცირე შედარებისთვის: 2017 წელს მხოლოდ ქალაქის ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯა 9,5 მილიონი ლარი. 2018 წელს კი, მთლიან მუნიციპალიტეტზე (ქალაქსა და სოფლებზე) გამოყოფილ იქნა 13,8 მილიონი ლარი. აქ გასათვალისწინებელია ასევე, ის ფაქტი, რომ ინფრასტრუქტურაზე გამოყოფილი 6 მილიონი ლარიდან (საკუთარი ხარჯები) მუნიციპალიტეტმა შარშან ნახევარი ვერ აითვისა. შესაბამისად, 2017 და 2018 წლებში დაახლოებით ერთიდაიგივე თანხა დაიხარჯა ინფრასტრუქტურაზე. მაგრამ, აქ მნიშვნელოვანია, ის, რომ 2017 წელს ეს თანხა მხოლოდ ქალაქს მოხმარდა, ხოლო 2018 წელს – ქალაქს და მის 27 ადმინისტრაციულ ერთეულს (სოფელს)ერთად.

მოკლედ, დავუბრუნდეთ ძირითად საკითხს:

მიუხედავად ამ ქალაქისა და საკუთარი მოქალაქეების ასეთი ,,არშიყისა“, ხშირად მოქალაქეებიც ვუბრაზდებით ქალაქს და პირიქით. თანამედროვე ურბანულ წესრიგში ხომ ქალაქი მხოლოდ შენობები არაა?! ის სოციალური წესრიგის, ადამიანების და ქალაქის თანაცხოვრებაა?!

და ამ ქალაქს განსაკუთრებით უბრაზდებიან ახლგაზრდები. დიახ, ახალგაზრდები განსაკუთრებით. იმიტომ, რომ მათ დღეს აღარ აკმაყოფილებთ ერთი შეხედვით ევროპული, მაგრამ თავისი არსით და მოწყობით, ალბათ, ისევ საბჭოთა საშუალო დონის ქალაქი.

კი, ისინი ბრაზდებიან და მიდიან! მიდიან, იმ იმედით, რომ ოდესმე დაბრუნდებიან და დატკბებიან ამ ქალაქის სითბოთი და კავკასიონისა თუ ცივგომბორის ხედებით. მათაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ საკუთარი ქალაქის განვითარებაში მიიღონ მონაწილეობა.

თელავის მუნიციპალიტეტი საქართველოს მაშტაბით იყო პირველი მუნიციპალიტეტი, რომელმაც 2018 წელს საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შეიმუშავა და მიიღო ახალგაზრული განვითარების სტრატეგია 2018 -2025 წწ.  თუმცა, 2019 წლის ბიუჯეტში კვლავ არ აღმოჩნდა თანხები ამ სტრატეგიით გათვალისწინებული საქმიანობების დასაფინანსებლად და 2020 წლისთვის გადაინაცვლა!

ჩნდება კითხვა, აბა რატომ მივიღეთ ასეთი სტრატეგია? აქვე, ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ მუნიციპალიტეტს უნდა მისი განხორციელება. მაშ, რატომ ვერ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ დღეს მუნიციპალიტეტის ბუჯეტის უდიდესი ნაწილი ივსება ცენტრალური ბიუჯეტიდან. შესაბამისად, პრიორიტეტებიც ცენტრალური ხელისუფლების სიამოვნების და მოწონების საფუძველზე დგება – ისევ ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა და ა.შ.

გასულ თვეში ერთ-ერთი სოფლის ახალგაზრდებმა სოფელში ხელმოწერები შეაგროვეს, რათა მათთვის ბიუჯეტში მცირე მოედნისა და სკევრის მოწყობა გათვალისწინებული ყოფილიყო. პასუხად კი მიიღეს, რომ სტადიონი მოეწყობა, მაგრამ სხვა ადგილას და იმიტომ, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დააფინანსდება სტადიონის რეაბილიტაცია-მშენებლობა, ადგილობრივ ბიუჯეტს კი ამის სახსრები არ აქვს.

ბლოგის წერის პროცესში, მთელი კვირის განმავლობაში მომიწია სწორედ ამ ქალაქის ახალგაზრდებთან მუშაობა და მოვისმინე მათი შეხედულებები, თუ რა სჭირდებათ და რას ისურვებდნენ ამ ქალქაში, რომ მათთვის უფრო საინტერესო იყოს აქ ცხოვრება და არ იფიქრონ ქალაქის დატოვებაზე. მათვვის მნიშვნელოვანია ისეთი საკითხები, როგორიცაა მაგალითად: საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებობა ქალაქში, კინო, თეატრი, ახალგაზრდული სივრცეები, მუნიციპალიტეტის მიერ მათთვის განხორციელებული ახალგაზრდული პროგრამები, რომლებშიც ჩაერთვებიან, განვითარების და ადგილზე დასაქმების  პერსპექტივა, პროფესიული და არაფორმალური განათლების სივრცეები და ა.შ. ასევე, ხშირად ვისმენთ ყველა, რომ ახალგაზრდები არ ერთვებიან მათთვის განკუთვნილ და მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. დიახ, ნამდვილად ასეა და ჩემი აზრით, ეს არაა ახალგაზრდების ბრალი. ხშირად მათი პასიურობა ან არასწორად მიწვდილი ინფორმაციის ბრალია, ან კიდევ – მათი ჩართულობისა და ინტერესების გაუთვალისწინებლად დაგეგმილი ღონისძიებებისა.

ნათელია, რომ ეკონომიკურ განვითარებაზე, მის სწორ დაგეგმვასა და განხორციელებაზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება უმნიშვნელოვანესია.

დღეს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 50% სოფლად ცხოვრობს, ანუ მოსახლეობის ნახევარი კვლავ დარჩენილია რეგიონებში, ჩართულია სოფლის მეურნეობაში და იქ ქმნის დოვლათს.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. ეს კი, დეცენტრალიზაციისა და დამოუკიდებელი ადგილობრივი პოლიტიკის არარსებობის შემთხვევაში, თითქმის შეუძლებელია. დეცენტრალიზაციას მოაქვს დამატებითი შესაძლებლობები თემის, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის. იგი ავითარებს საჯარო სფეროს, ინფრასტრუქტურას, სოციალურ და პროფესიულ კავშირებს, რაც ქმნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას.

დეცენტრალიზაციას  მოაქვს არა მხოლოდ ეკონომიკის ზრდა, არამედ მოსახლეობის ცხოვრების  დონის ამაღლება.  ხარისხიან და ჯანსაღ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვა, განათლება, საცხოვრებელი პირობები. ადამიანისათვის სოციალური და ეკონომიკური არჩევანის არეალის გაფართოება.

ცხოვრების დონის ამაღლება, რომელიც მოიცავს უფორ მაღალ შემოსავლებს, მეტ სამუშაო ადგილს, უკეთეს განათლებას; ასევე მეტ ყურადღებას კულტურული და ჰუმანური ფასეულობების მიმართ, რომლებიც ზრდიან პოროვნებისა და ქვეყნის ღირსების შეგრძნებას.

დეცენტრალიზაცია, ქმნის ეკონომიკურად ძლიერს თემს. საშუალო და მაღალ ფენას, რაც საწინდარია სტაბილური განვითარების. სტაბილურობას მოაქვს მეტი დამოუკიდებლობა. ჩნდება დამატებითი შესაძლებლობები ფინანსურ რესურსებზე და ინვესტიციებზე. ასევე, სტაბილური ეკონომიკური განვითარება პირდაპირაა მიბმული ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან და დეცენტრალიზაციასთან.

დეცენტრალიზაცია კი, დიდწილად დამოკიდებულია ქვეყნის დემოკრატიულ და უსაფრთხო განვითარებაზე. დემოკრატიას მოაქვს დამატებითი შესაძლებლობები, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, შიდა კავშირების გაძლიერება, ინოვაციები და რაც მთავარია, მოქალაქეების ჩართულობა ადგილობრივი დონის საკითხებში. ყოველივე ერთად კი ქმნის ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას და სოციალურ კაპიტალს. ასევე მნიშვნელოვნად ამარტივებს ბიუროკრატიულ პროცესებს, ეს იქნება საგადასახადო სისტემა, მოსაკრებლები თუ სხვა. ადგილობრივ დონეზე მოსახლეობა მეტად ერთვება თემის, მუნიციპალიტეტის მართვაში, რადგან იგი ფინანსურად დაკავშირებულია მასთან და არ აპირებს მიგრაციას. ეს კი ხელს უწყობს კვალიფიციური კადრის შენარჩუნებას და ზრდას, ეგრეთწოდებულ ტვინების გადინების შეჩერების პროცესს. მოსახლეობა კოლექტიურ და ინდივიდუალურ ინტერესებს უხამებს ერთმანეთს და წარმოშობს ნდობას, რაც იძლევა საშუალებას, ეფექტურად იქნას დაძლეული სხვადასხვა პრობლემები.

ადგილობრივ  ეკონომიკურ განვითარებას და დეცენტრალიზაციას მოაქვს, ასევე, ხელსაყრელი პირობები მდგრადი განვითარებისა და დასაქმებისთვის. ქმნის ხელსაყრელ პირობებს მცირე და საშუალო საწარმოების ფუნქციონირებისათვის და ადამიანის განვითარებისა და ღირსეული სამუშაოსათვის. მოსახლეობა მუდმივად ცდილობს საინვესტიციო კლიმატის, საკუთარი გარემოს გაუმჯობესებას და ზრუნავს კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე. მუდმივად ცდილობს მისი ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას, ცხოვრების დონის ამაღლებას და ახალი რესურსების გამოვლენას და პოტენციალის გამოყენებას.

დღეს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 50% ჩართულია სოფლის მეურნეობაში რომელიც დაახლოებით  მშპ-ს 8-10% ქმნის. ეს ციფრები ძალიან დაბალია და გვაჩვენებს რეალურ სურათს, თუ რა მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება. მაგალითისთვის, ჰოლანდიის მოსახლეობის მხოლოდ 2%-ია ჩართული სოფლის მეურნეობაში და ქვეყნის მშპ-ს 8-9% ქმნის. დაახლოებით იმდენს, რასაც ჩვენთან მოსახლეობის 50%.

ეს კი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია მსოფლიო ბანკის მონაცემებით:

ზემოაღნიშნული მაგალითებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ქვეყნის პოტენციალის გამოყენება. რეგიონული პოტენციალის ათვისება და დივერსიფიკაცია. ასევე, მნიშვნელოვანია, დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები მუნიციპალურ დონეებზე, რისთვისაც საჭიროა განათლების სფეროში და ინფრასტრუქტურაში მეტი ინვესტიციების ჩადება და მოზიდვა. მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონებს, მუნიციპალიტეტებსა თუ თემებს შორის ურთიერთობა, გამოცდილების გაზიარება, ერთმანეთის პოტენციალის გამოყენება და გადანაწილება თანაბრად და სამართლიანად. ასევე, მნიშვნელოვანია საჯარო მომსახურების კიდევ უფრო გაუმჯობესება და სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფა, რათა მოხდეს მეტი ინვესტიციის შემოდინება საქართველოს რეგიონებში. ეს, კი, დღევანდელი ადმინისტრაციული და არარსებული დეცენტრალიზაციის პოლიტიკის პირობებში, მუნიციპალიტეტებისათვის თითქმის შეუძლებელია. საქსტატის მონაცებები სწორედაც რომ ამას აჩვენებს. დღეს საქართველოს მთლიანი ეკონომიკური ბრუნვის 73% დედაქალაქზე მოდის, ქვეყნის მშპ-ს 65%-ს ქმნის ქალაქი თბილისი და დასაქმებულთა საერთო რაოდენობითაც 65% დედაქალაქზე მოდის.

ზემოაღნიშნული ფაქტების და სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კარგად ჩანს, რომ დაანონსებული მდგრადი და თანაბარი განვითარება თანამედროვე მსოფლიოში, დეცენტრალიზაციისა და მუნიციპალიტეტების დამოუკიდებლობის არარსებობის შემთხვევაში, თითქმის შეუძლებელია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ხელისუფლებას მიეცეს მეტი დამოუკიდებლობა, მეტი საკუთარი შემოსავლები და ქონება. მნიშვნელოვანია, დროულად მიიღოს ქვეყანამ დეცენტრალიზაციის სწორი სტრატეგია და შემდეგ შეასრულოს იგი, ვინაიდან ქვეყნის მდგრადი განვითარება დეცენტრალიზაციის გარეშე ვერ მოხდება!

მომზადებულია პროექტის – “საზოგადოებრივი კამპანია “თვითმმართველობის დროა” – ფარგლებში”