სოფლის მხარდაჭერის პროგრამის კოპირება მოხდება აჭარაში და ამ მიმართულებით, დაახლოებით, 2 მილიონი ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
ცქიტიშვილს ამჯერადაც არ განუმარტავს, რატომ არ დაფინანსდა აჭარაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ცენტრალური ბიუჯეტიდან, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც გააკეთა. “აჭარის მთავრობასთან ერთად ახლა ვმუშაობთ, რომ სოფლის მხარდაჭრის პროგრამის მსგავსი პროგრამა აჭარის სოფლებშიც განხორციელდეს”, – თქვა ბახტაძემ.
როგორც ცნობილია, 2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან თანხებს ცენტრალური ბიუჯეტიდან აჭარის სოფლები ვერ მიიღებენ. ეს ინფორმაცია აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან მათთვის ბოლო წუთამდე არავის უთქვამს, რომ პროგრამის განხორციელება აჭარაში გადაიფიქრეს.
ამისთვის მზად არც აჭარის მთავრობა აღმოჩნდა და პროგრამისთვის თანხების მოძიება ახლა მიმდინარეობს. ამიტომაც, ჯერ-ჯერობით, უცნობია, როდის დაიწყება აჭარაში ახალი პროექტი, ან რა კრიტერიუმები განისაზღვრება ამ პროექტის განსახორციელებლად. ამ დროისთვის აჭარის 322 სოფელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან გათიშულია.
მაია ცქიტიშვილის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გამოიყო 20 მილიონი ლარი, რაც, სოფლის მოსახლეობის უშუალო ჩართულობითა და მათივე გადაწყვეტილებით, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
“მაგალითად, მცხეთა-მთიანეთის მხარის რამდენიმე სოფელში გადაწყდა საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სამეგრელოს ერთ სოფელში წყლის სისტემები გაიმართება, ქარელის სოფელ ფცაში კი, სადაც მეც ვესწრებოდი სოფლის კრებას, მოსახლეობამ გარეგანათების დამონტაჟება გადაწყვიტა. მართალია, პროექტები შედარებით მცირებიუჯეტიანია, თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მუნიციპალიტეტებს აქვთ თანადაფინანსების უფლება”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სულ 3700 სოფელს მოიცავს, საერთო კრებებში კი პირველ მარტამდე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე თანხა დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება.