თბილისში ბუშის ქუჩაზე თარგების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1143

წინა სტატია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბუშის ქუჩაზე თარგების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

“ყველას გვახსოვს, თუ რა მდგომარეობაში იყო ეს ტერიტორია და რა რთული სიტუაცია იყო აქ გამწვანების მხრივ. გვინდა, აღნიშნულ ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩავუტაროთ და მოვაწესრიგოთ. ასევე, შევცვალოთ საინფორმაციო ბანერი, რომელზეც ბუშის ფოტოა განთავსებული. ეს იქნება ერთ-ერთი ლამაზი სივრცე, მოწესრიგებული სარწყავი სისტემებით. ამასთან, რეაბილიტაციის ფარგლებში, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები და ტერიტორია საკმაოდ მიმზიდველი გახდება.

ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტ “ადამიანისა და მზის“ მიმდებარედ არსებულ თარგებში მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარეები. პირველი თარგი ტერასულად მოეწყობა, შეიქმნება მრგვალი კლუმბების კომპოზიციები, ხოლო, მეორე თარგი მთლიანად დახრილი გამწვანებული სიბრტყისგან შედგება.

პირველ თარგზე არსებული ბუშის ქუჩის აღმნიშვნელი საინფორმაციო ბანერი მოიხსნება და სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებული დიზაინით, ახალი ბანერი განთავსდება. მონუმენტის – “ადამიანი და მზე“ თარგში დეკორატიული აუზი, სარწყავი და განათების სისტემა მოეწყობა, დაირგვება მცენარეები და დაითესება ბალახი. ასევე, განხორციელდება თარგის დატერასება ოვალური, ელიფსური ფორმებით. კახეთის გზატკეცილზე ძირითადი აქცენტი დენდროლოგიურ ნაწილზე, სარწყავი სისტემის მოწყობასა და განათებაზე გაკეთდება”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან და თბილისში დაგეგმილ ახალ პროექტებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზეც ისაუბრა.