პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე შევა დადგენილება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურას გაამარტივებს.
“დღეს მთავრობის სხდომაზე შემოდის მნიშვნელოვანი დადგენილება, რომლითაც მარტივდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ძალიან დიდი ხანია, რამდენიმე უწყება მუშაობდა ამ პროცედურის გამარტივებაზე. მინდა ყველა კოლეგას, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, მადლობა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით, თვითონაც დარწმუნდებიან, რომ პროცესი არის ძალიან გამარტივებული და ხელმისაწვდომი. აღნიშნული ნაბიჯი საშუალებას მოგვცემს, ყველა ჩვენმა მოქალაქემ თანაბრად ისარგებლოს იმ ძალიან დიდი მონაპოვრით, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლით“, – განაცხადა ბახტაძემ.