ფოთის მერის მოადგილე: “განსაკუთრებული ფინანსური სარგებელი ჩვენი ქალაქისთვის არ აქვს არც პორტს და არც კოლხეთის პარკს”

1829

წინა სტატია

შემდეგი სტატია

“განსაკუთრებული ფინანსური სარგებელი ჩვენი ქალაქისთვის არ აქვს არც პორტს და არც კოლხეთის პარკს”, – ამის შესახებ ფოთის მერის მოადგილემ, გიორგი ფარეშიშვილმა ზუგდიდში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვისას განაცხადა.

“უნდა მიეცეს ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალება, რომ დააწესოს მოსაკრებლები. განსაკუთრებული ფინანსური სარგებელი ჩვენი ქალაქისთვის არ აქვს არც პორტს და არც კოლხეთის პარკს. ძალიან კარგია ასეთ სტრატეგიაზე მუშაობა, მაგრამ აუცილებელია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, არასამთავრობოებს და აქ დასაქმებულებს ვკითხოთ აზრი, რათა სამომავლოდ ცენტრზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები”, – თქვა ფარეშიშვილმა.

ფარეშიშვილის თქმით, მაშინ, როცა ფოთის პორტი ახორციელებს მნიშვნელოვან გადაზიდვებს, ქალაქი არ უნდა იყოს დამოკიდებული ცენტრალურ ბიუჯეტზე.

„ნიკო ნიკოლაძის დროსაც არსებობდა მოსაკრებლები ქალაქში. ბევრად კარგად შეიძლება იყოს დღეს ჩვენი ქალაქი, რაც ჩვენს ქალაქში გვაქვს, პორტის ტვირთგადაზიდვები და ასე შემდეგ. შეგვიძლია, ბევრად ნაკლებად ვიყოთ მიბმულები ცენტრალურ ბიუჯეტზე“, – განაცხადა გიორგი ფარეშიშვილმა.

პრობლემებზე ისაუბრა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიამაც. მისი თქმით, ფოთი იჩაგრება და ამაზე ყურადღება უნდა გამახვილდეს. მან, ასევე, აღნიშნა, რომ აუცილებელია, დაითვალოს, რამდენი იხარჯება ქალაქებში ერთ სულ მოსახლეზე დედაქალაქთან შედარებით.

შეხვედრას, რომლის ორგანიზატორი ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონებში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.