ახალციხის მუნიციპალიტეტში ურაველი-აგარის სამონასტრო კონპლექსთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობისთვის 1,4 მილიონზე მეტი გამოიყო. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე, დაახლოებით, 5 კილომეტრია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდრში შპს “მშენებლელი 2012-მა” გაიმარჯვა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გზის მონაკვეთი ოთხი კილომეტრი და 800 მეტრია. სამუშაოები 2019 წლის 27 სექტემბერს უნდა დასრულდეს.
როგორც ახალციხის მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, მხოლოდ გზის საფარი დაიგება – “ამ ეტაპზე, გზაზე მცირე სამუშოებია დაწყებული, ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას”.
შეგახსენებთ, რომ აგარის სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელ გზაზე ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. პირველად 2018 წლის აგვისტოში, შემდეგ კი იმავე წლის ნოემბერში.