თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერიამ მეტროსადგურ “სადგურის მოედნის“ სამივე ამოსასვლელის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.
ამასთან, კალაძემ რამდენიმე მეტროსადგურის რეაბილიტაციის საკითხზეც ისაუბრა. მათ შორის, მეტროსადგურ “გოცირიძის“, “ვარკეთილის“, “გურამიშვილისა“ და სხვა მეტროსადგურების შესახებ.
“მინდა, შევეხო მეტროსადგურ “გოცირიძის“ რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერს, რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა, თუმცა ტენდერი განმეორებით გამოცხადდა და იმედს ვიტოვებთ, რომ გამარჯვებული კომპანია ძალიან მალე გამოვლინდება. მიმდინარე წლის 20 თებერვლისთვის დასრულდება მეტროსადგურ “ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები და უკვე განახლებული სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას. გამოცხადებულია ტენდერი “სადგურის მოედნის“ სამივე ამოსასვლელის რეაბილიტაციის შესახებ. გვინდა, სამივე ამოსასვლელს რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.
რაც შეეხება მეტროსადგურ “ვარკეთილს“, სადაც ერთი წლის წინ რეაბილიტირებული მეტროსადგურის ჭერი ჩამოინგრა, ჩვენ მიერ ჩატარებული საექსპერტო-კვლევით სამუშაოებით დადგინდა, რომ არსებული კონსტრუქციების მდგომარეობიდან გამომდინარე, პროექტი უსაფრთხოების ნორმებს არ შეესაბამება და მოგვცეს მითითება, რომ თავიდან უნდა განხორციელდეს. პროექტი იყო არასწორად გაკეთებული, არასწორად შედგენილი და შესაბამისად, ყველაფერზე მუშაობის დაწყება თავიდან მოგვიწია. მესმის, რომ მოსახლეობისთვის მეტროსადგურ “ვარკეთილის“ ასეთ მდგომარეობაში ფუნქციონირება, რა თქმა უნდა, კომფორტული არ არის, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, სადაც პრიორიტეტულია არა სიჩქარე, არამედ ხარისხი და მოქალაქეების უსაფრთხოება.
ასევე, პროექტირების ეტაპზე გადადის მეტროსადგურ “გურამიშვილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები, აქაც ანალოგიური მდგომარეობა იყო. დაწუნებულია წარმოდგენილი პროექტი და მისი შედგენა თავიდან მოხდება და შემდეგ უკვე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. უკვე მზადდება და უახლოეს მომავალში გამოცხადდება მეტროსადგურ “ისანთან“, “თავისუფლების მოედანთან“, “რუსთაველთან“, “მარჯანიშვილთან“ და “წერეთელთან“ დაკავშირებული ტენდერი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.