კალაძე: 2019 წელს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ

743

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ის 1 მილიარდ ლარს აღემატება. მისივე ინფორმაციით, გაზრდილი ბიუჯეტით მერია 2019 წელს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს.

“2019 წელს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. აღსანიშნავია ის, რომ 2019 წლის ბიუჯეტი ისტორიულია. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს. პირველი კვარტლის ბოლოს, მილიარდს გადააჭარბებს დედაქალაქის ბიუჯეტი. კონკრეტულად, 1 მილიარდ 50 მილიონ ლარს აღემატება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით. თუ შედარებას გავაკეთებთ, დაახლოებით 130-140 მილიონი ლარით მეტია, რაც ქალაქისთვის მეტ განხორციელებულ პროექტს ნიშნავს. მინდა წარმატებები ვუსურვო თბილისის მთავრობას, მუნიციპალიტეტის ყველა სტრუქტურას, ყველა თანამშრომელს 2019 წლის საქმიანობაში. ისევ და ისევ მაქვს მოქალაქეების თანადგომისა და მხარდაჭერის იმედი, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძობდით 2018 წელს. ეს იყო ძირითადი მამოძრავებელი ძალა, რომელიც სტიმულსა და ენერგიას გვაძლევდა გვეკეთებინა ის, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იყო. ასე, რომ 2019 წელს თბილისელების თანადგომის იმედი მაქვს იმ პროექტების განხორციელებაში, რაც საზოგადოებას უნდა წარვუდგინოთ“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მერმა თბილისის რაიონების გამგებლებსა და მერიის სამსახურებს მიმართა, ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საზოგადოების ნდობა თბილისის მერიის მიმართ.