თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2018 წელი შეაჯამა და იმედი გამოთქვა, რომ 2019 წელი გაცილებით უკეთესი იქნება თბილისისთვის.
“2018 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი ხარჯვით ნაწილში 98%-ზე მეტია, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო მთავრობის წევრებს, მუნიციპალიტეტის სრულ შემადგენლობას, გამგეობებს. ძალიან დიდი მადლობა ასეთი მაღალი შედეგის დადებისთვის. რაც შეეხება საშემოსავლო ნაწილს, აღნიშნული მიმართულებით ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა და მუნიციპალიტეტმა დაგეგმილთან შედარებით უფრო მეტი შემოსავალი მიიღო. დაახლოებით, 103% არის, რაც 2018 წლის განმავლობაში შემოსავლების სახით იქნა მობილიზებული და მოხმარდა დედაქალაქის მოსახლეობას სხვადასხვა პროექტების განხორციელების სახით. ჩვენ მიერ დაგეგმილი და უკვე განხორციელების პროცესში მყოფი პროექტები გვაფიქრებინებს იმას, რომ მიმდინარე წელი ციფრებში და თვალშისაცემი პროექტების კუთხითაც გაცილებით შთამბეჭდავი იქნება. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ 2019 წელს და ასევე, აღსანიშნავია ის, რომ 2019 წლის ბიუჯეტი არის ისტორიული. პირველი კვარტლის ბოლოს, დაახლოებით, დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდს გადააჭარბებს. კონკრეტულად, მილიარდ 50 მილიონ ლარს აღემატება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით, 130-140 მილიონი ლარით მეტია, რაც ქალაქისთვის მეტ განხორციელებულ პროექტს ნიშნავს“,- განაცხადა კალაძემ.