თანამონაწილეობის დეფიციტი – პრობლემა თვითმმართველობებისთვის

1697

მალხაზ ჭკადუა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი

ცივაძეებში, შუახევში, ჭვანას ხეობის ამ მაღალმთიან სოფელში, ერთი აქტიური მოქალაქე, ზვიად გოგრაჭაძე ცხოვრობს. ზვიადი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართული შეხვედრების დროს გავიცანი – ვეძებდით ჩვენი ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოების პოტენციურ წევრებს. საბჭოებმა ერთგვარი ხიდის ფუნქცია უნდა შეასრულონ ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობებს შორის – ვინ იცის ჭვანელებზე უკეთ ჭვანის პრობლემები, ან წყალტუბოელებზე უკეთ – წყალტუბოს საჭიროებები? პირველ ეტაპზე სამ რეგიონში ჩამოვაყალიბეთ საბჭოები და იმედი მაქვს, რომ გეოგრაფიულ არეალს გაისად ერთი-ორად გავაფართოვებთ.

ზვიადით დავიწყე.

მას ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ თემის ლიდერად მივიჩნიოთ – მოქალაქეთა შეკრება, ერთიანი მიზნის გარშემო გაერთიანება შეუძლია. იცის, რომ კეთილდღეობა მხოლოდ საკუთარი სამოსახლო კარ-მიდამოს კეთილმოწყობას არ ნიშნავს და ის მთელ სოფელზე უნდა გავრცელდეს. მცირეხნიანი საუბარი დაგვჭირდა იმისათვის, რომ ორივეს გაგვეცნობიერებინა, ერთმანეთს ვჭირდებოდით სოფლის, თემის პრობლემების გადასაწყვეტად. ასეც მოხდა.

სულ ცოტა ხანში ცივაძეების მცხოვრებლებმა ხელმოწერები შეაგროვეს სოფლის კლუბისა და სპორტული მოედნის მოსაწყობად, მიმართავდნენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. მერიამ სოფლის კლუბის გახსნა შესაძლებლად მიიჩნია (იმედი მაქვს, რომ გაისად გახსნიან კიდეც), რაც შეეხება სპორტულ მოედანს, თქვეს, რომ ციცაბო რელიეფია და გაგვიჭირდებაო. რადგან ამ საკითხების ადვოკატირებაში აქტიურად ვიყავი ჩართული, შევთავაზე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ვთხოვ, რომ გეოლოგებმა შეისწავლონ ადგილმდებარეობა და გვითხრან, სად შეიძლება 200 კვადრატულ მეტრამდე საფეხბურთო მოედნის მოწყობა, სადაც სოფლელები საღამოობით გართობას და ბურთაობას შეძლებდნენ. გეოლოგები მალევე ავიდნენ სოფელში და გვითხრეს, რომ მოსახლეობის მიერ შერჩეული ორი სავარაუდო ადგილიდან ერთი გამოდგებაო. გაგვიხარდა ზვიადს და ჩვენც, მის თანამოაზრეებს. წერილის მიღებისთანავე დავურეკე მუნიციპალიტეტს, იქ ამჯერად ფინანსური რესურსების სიმწირე მოიმიზეზეს – არ გვგონია, საამისოდ თანხის გამოყოფა შევძლოთო. ეგ უთქვენოდაც ვიცით-მეთქი, მთავარია, საპროექტო წინადადება მოამზადოთ და თანხის გამოყოფას აჭარის მთავრობას ვთხოვთ-მეთქი. არგუმენტად აჭარის მთავრობის წერილიც დავუსახელე (ვიცოდით რა შუახევის მუნიციპალიტეტის მწირი რესურსების შესახებ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინასწარვე მივწერეთ თანხის გამოყოფაზე, სამინისტრომ, საპროექტო დოკუმენტის მიღებისთანავე, თანხის მოძიებაზე დავფიქრდებითო). თითქმის ორთვიანი მიმოწერა, სატელეფონო საუბრები, ოფიციალური კორესპონდეციის წარმოება მუნიციპალიტეტის დაპირებით დასრულდა, როგორც კი საპროექტო წინადადებას მოვამზადებთ და სავარაუდო ხარჯებს დავითვლით, შეგეხმიანებითო. არ შეგვხმიანებიან.

2019 წლის დასაწყისიდან განახლებული ძალებით გავაგრძელებთ ადვოკატირებას და მუნიციპალიტეტიც გაცილებით აქტიური იქნება (თუმცა, მინდა აღვნიშნო, შუახევის მერის მოადგილის, ომარ ტაკიძის ძალისხმევა და კონსტრუქციული დამოკიდებულება მთელი პროცესის დროს).

ვფიქრობ, რომ ეს ამბავი ძალიან ტიპურია საქართველოს თვითმმართველობებისთვის – თავად ამბობენ, მოქალაქეებს არ აინტერესებთ ჩართულობა ადმინისტრაციულ საქმეებში, ნაკლებად ინტერესდებიან ბიუჯეტის პროექტის განხილვით, საკრებულოს სხდომებზე დასწრებით და ა.შ., თუმცა ცხადია, ეს ასე არ არის. ძნელად მოიძებნება მაღალმთიან აჭარაში და, ალბათ, საქართველოში დასახლებული პუნქტი, რომლის მკვიდრსაც არ დააინტერესებს, როგორ განკარგავს საკრებულო/მერია ბიუჯეტს, რას აპირებს – სოფლის საბავშვო ბაღის გარემონტებას, თუ გზების მოხრეშვას, სანიაღვრე არხების მოწყობას, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას – რისთვის ეყოფა მუნიციპალიტეტს ფული?

პოსტსაბჭოთა ქვეყნის სინდრომად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ თავად თვითმმართველობებს არ აინტერესებთ მეტი ადამიანის ჩართვა საჯარო საკითხებში – თავად ამ მოხელეებს აქვთ განცდა, რომ ადგილზე ბევრ რამეს ვერ გადაწყვეტენ და ყველაფერს იქ (ცენტრში) გადაუწყვეტენ. ეს დამოკიდებულება ნაწილობრივ საფუძვლიანიც არის, რადგან საქართველოს ცენტრალური მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტები მუდმივად მომლოდინე, მოწყალების პოზაში ამყოფოს – ასე გაცილებით მარტივია მათი მართვა, მანიპულაცია და მუნიციპალურ იურიდიულ პირებსა თუ საქალაქო სამსახურებში პარტიული აქტივის დასაქმება. აჭარის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერმა არაოფიციალურ შეხვედრაზე მითხრა: რა ვქნა, ვერ ვუძალიანდები, როცა პარტიიდან მირეკავენ და მიმითითებენ, რომ ესა თუ ის პირი, რომელსაც, შეიძლება, პარტიული დამსახურება არც ჰქონდეს, დავასაქმო ქალაქის მერიაში ან რომელიმე ა(ა)იპში, არც კანონის მუხლების მოშველიება ჭრის და საფრთხეების გაანალიზებაო. ასეა. ვიცით ეს და ამიტომ ვხედავთ „გაბერილ“ საშტატო ნუსხებს მუნიციპალურ იურიდიულ პირებში, ამიტომ ვაწყდებით ხელისუფლების კანდიდატების, ან მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრების დროს მოხელეებს, ბაღების მენეჯერებსა და აღმზრდელებს, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს. ვინმეს აქვს ილუზია, რომ ეს ადამიანები გულწრფელი სურვილით მივიდნენ ასე ორგანიზებულად მმართველი ძალის მხარდამჭერების შეკრებებზე?! თუ ვინმეს აქვს ამგვარი ილუზია, სამწუხაროდ, მწარედ ცდება. ზოგადად, საჯარო სამსახურის პარტიულობა (არ ვსაუბრობ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე) ძალიან ვნებს ადგილობრივ თვითმმართველობას და იმედია, საქართველოში ოდესმე მაინც გაიმიჯნება სახელმწიფო და პარტია საჯარო მოხელეებსა და მოსამსახურეებში.

რა სჭირდება ადგილობრივ თვითმმართველობებს? ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად ვადევნებ თვალს რამდენიმე მუნიციპალიტეტის მუშაობას და ყველაზე მეტად წარმომადგენლობით ორგანოებს და არჩეულ მერებს მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აკლიათ. ცხადია, აკლიათ ფინანსური რესურსიც, დეცენტრალიზაცია, კომპეტენცია და ხშირ შემთხვევაში, გამბედაობაც, მაგრამ სათავე პრობლემებისა არის ხალხთან ნაკლები კომუნიკაცია.

შესაძლოა, ბათუმს, ქუთაისს, ზუგდიდს, დედოფლისწყაროს, ნებისმიერ მუნიციპალიტეტს არ ჰქონდეს ყოვლისმომცველი ბიუჯეტი, რომელიც თუნდაც 4-5 წელიწადში გაწვდება ძირითადი კომუნალური პრობლემების მოგვარებას, მაგრამ ყველა ეტაპზე მოქალაქეებთან მჭიდრო კომუნიკაცია არჩეულ და დანიშნულ პირებს საშუალებას მისცემდა, ზუსტად გაეგოთ, რას მიიჩნევს ხალხი პრიორიტეტად, როგორ შეიძლება გადაიჭრას ესა თუ ის საჭიროება და ყველაზე მთავარი – შეიქმნებოდა თანამონაწილეობის განცდა, განცდიდან პრაქტიკის ჩამოყალიბებამდე კი ბევრი არაფერი რჩება.

სწორედ თანამონაწილეობის სურვილი ამოძრავებთ ჩვენი ორგანიზაციის სამოქალაქო საბჭოს წევრებს, მათ შორის, ზვიად გოგრაჭაძესაც, რომელთან ერთად დღემდე ველოდებით შუახევის მუნიციპალიტეტის წერილს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე.

მომზადებულია პროექტის – “საზოგადოებრივი კამპანია “თვითმმართველობის დროა” – ფარგლებში”