ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი
თელავი
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კრიტიკა, ალბათ, დაუსრულებლად შეიძლება. ამ ქვეყანაში არ დაადგა საშველი თვითმმართველობის რეფორმას, არც რეალურ დეცენტრალიზაციას და არც იმის გააზრებას, რომ თვითმმართველობის მესვეურები პასუხისმგებლები ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არიან და არა – ცენტრალური ხელისუფლების. არც თვითმმართველობები ცდილობენ მაინცდმაინც დამოუკიდებლობას და ვერც ცენტრი ელევა ძალაუფლებას.
ვიცით, ბატონო, რომ ფული არ ჰყოფნით. მეტიც, ისიც ვიცით, რომ ხშირად კომპეტენციაც არ ჰყოფნით და, რომ ამა თუ იმ პოზიციაზე დანიშვნა არცთუ იშვიათად პროფესიული უნარების გამო კი არა, პარტაქტივობის, ლოიალობისა და მორჩილების სანაცვლოდ ხდება.
თუ ფისკალური დეცენტრალიზაციის რეფორმაზე ადგილობრივ თვითმმართველობებს გავლენა არა აქვთ, ის მაინც ხომ შეუძლიათ, კადრები ნეპოტიზმის გარეშე, პროფესიონალიზმის მიხედვით დააკლომპლექტონ და ამით ცოტათი მაინც უშველონ საქმეს?! სამწუხაროდ, ასეა ეს ქვეყანა ჯერ-ჯერობით მოწყობილი და სასოწარკვეთამდე მივყევარ იმის გააზრებას, რამდენი დრო გვჭირდება ამ ჯადო-წრიდან გამოსასვლელად.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ხომ არის ის გამონათებები, როცა ადგილობრივი სამსახურები ცდილობენ, მუშაობენ, რაღაცას კარგად აკეთებენ, მოგწონს, შეჰხარი და მადლიერი ხარ?
მაგალითად, სულ აღმაფრთოვანებდა თელავში კულტურისა და დსავენების პარკი – ნადიკვარი. მიმაჩნია, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო პარკია – მოვლილი, ლამაზად გამწვანებული, ზაფხულობით მშვენიერი კულტურის პროგრამით. ეტყობა აქაურობას, რომ ფული დაიხარჯა (არ ვიცი ზუსტად, როდის და რამდენი): მოწესრიგდა ინფრასტურქტურა, გაკეთდა გადასახედები (არაჩვეულებრივი პანორამა იშლება კავკასიონზე და ალაზნის ველზე), სათამაშო ტერასები და ა.შ. თელაველების (და არა მარტო) საყვარელი თავშეყრის ადგილია, სასიამოვნი სიგრილით ზაფხულში.
თელავში ყოველ ჩასვლაზე ერთხელ მაინც გავდივარ ნადიკვარზე სასეირნოდ. დღესაც წავედი და რაღაც გულისმომკვლელი მიშვებულობა, ჩამოკონკილობა და, ასე ვთქვათ, მწყობრიდან გამოსვლა მომხვდა თვალში: დატეხილი და მოშლილი ტერასები, ჩამსხვრეული, დაბზარული შუშის მოაჯირები, ამოტეხილი ფიცრები და ა.შ.
ძალიან მძიმე სანახავია ასეთი ნადიკვარი. ან ეგებ ადრე არ დავკვირვებივარ კარგად?
ჩვევისამებრ, ეგრევე მუნიციპალურ სამსახურებზე გავბრაზდი, რატომ სათანადოდ არ უვლიან მეთქი? ქვედა ტერასების მძიმე ვითარება ადრეც მომხვედრია თვალში და ამდენი ხანი შეკეთება, ნეტა, რა გახდა?
მერე ვიფიქრე, აქამდე აშკარად უვლიდა და ახლა რაღა მოუვიდოდა მეთქი? ეგებ წლიური შეკეთებებისთვის საკმარისი თანხის ბიუჯეტირება არ ხდება? ეგებ ასე? ეგებ ისე? ფაქტია, რომ მუნიციპალიტეტის მისახედია აქაურობა და ისეთ ტურისტულ ქალაქში, როგორიც თელავია, უხერხულია სიპარტახის ეს კვალი – ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს რომ სულ თავი დავანებოთ.
სკვერის შუაში ხის ხიდის ქვეშ ჩასულმა, ხიდის ხისავე კედლებზე ფეხსაცმლის არაერთგზისი კვალი რომ დავინახე, მივხვდი, რომ არც ის შუშები ჩატეხილა, არც ფიცრები ამომძვრალა ტერასიდან და არც ამფითეატრის სკამები დატეხილა თავისით. ვიღაცას თავში მოუვიდა და წიხლები ურტყა ხის კედლებს, ამოგლიჯა ფიცრები. არ დაიზარა საჯარო სიკეთის სრულიად გააზრებული დაზიანება, ისევე, როგორც მავანს თავის დროზე არ დაეზარა, მაგალითად, კოცონი დაენთო სოფელ ნუკრიანის კულტურის სახლში (რის შედეგადაც მთლიანი შენობა განადგრუდა თავისი სერვისების ნაწილით).
ე.ი. ამ თვალში მოსახვედრი დაზიანებების რაღაც ნაწილი, არა მხოლოდ წლიური არშეკეთების, არამედ კონკრეტული ადამიანების განზრახ მავნებლობის შედეგიც შეიძლება იყოს.
როგორ შეუძლიათ ადამიანებს (რომელთა ნაწილი, ეჭვი მაქვს, თვითონ არაფერს ქმნის) სხვისი ნაშრომის დაზიანება-გაპარტახება?
განადგურების ვნებით შეპყრობილების დევნა ძალიან ძნელია და მართლა ყველაფერს რკინისას ხომ არ გააკეთებ, რომ ნაკლებად მალფუჭებადი იყოს?
ხანდახან როგორც არ უნდა მოინდომონ მუნიციპალურმა სამსახურებმა, როგორი სასარგებლო და ლამაზი საჯარო სიკეთეც არ უნდა შექმნან – გამოჩნდება მაინც ვინმე, რომელიც წიხლებით შედგება სკვერის ხის ტერასებს, ან დაარბევს, მაგალითად, საბავშვო ბაღს (კონდოლი, თუ რომელი სოფელი იყო სულ ცოტა ხნის წინ, ძარცვის მიზეზით საბავშვო ბაღი რომ დაარბიეს?).
ეს ცხადია, იმას არ ნიშნავს, რომ მუნიციპალურმა სამსახურებმა არ უნდა შეაკეთონ პარკის მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურა, უნდა შეაკეთონ და ალბათ, უფრო მდგად ვარიანტებზეც უნდა იფიქრონ. უბრალოდ, დასანანია, რომ საჯარო ფინანსები, ამ და სხვა მავნებლობების გამო, ისევ და ისევ იმავე ობიექტზე უნდა მიიმართოს, იმის ნაცვლად, რომ რაიმე სხვა, ახალ, სასარგებლო პროექტს მოხმარდეს.
ცალკე საკითხია საიდან მოდის ეს სრული გულგრილობა საჯარო სივრცისა და სიკეთის მიმართ? რატომ ჩნდება გაფუჭების, დაზიანების სურვილი და რა უნდა ვიღონოთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად? ვიცი, რომ საკითხი კომპლექსურია, ისიც ვიცი, რომ მსგავსი რამ მარტო ჩვენთან არ ხდება და რაც არ უნდა იყოს მიზეზი, როგორიც არ უნდა იყოს ახსნა, მსგავსი უპასუხიმგებლობა მოქალაქეების (დაზიანების შემთხვევაში) თუ ჩინოვნიკების (პრობლემის უგულვებელყოფის შემთხვევაში) მხრიდან, ძალიან, ძალიან გასაბრაზებელია.