ასფარა – სოფელი ჯავახეთში ერთადერთი კომლით (ფოტო/ვიდეო)

2684
ისპირიანების სამსულიანი ოჯახი

სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ

ავტორი: მარიამ ბარძიმაძე, ნანა ინასარიძე

“თავფარავნელი ჭაბუკი ასპანას ქალსა ჰყვარობდა“,- “ასპანა“, ანუ ნინოწმინდაში მდებარე სოფელი ასფარა, საიდანაც მოდის ძველი ქართული ხალხური ბალადა, დაცლილია. სოფელს, რომელიც ზამთარში თვეობით იკეტება, მხოლოდ ერთი ოჯახიღა შემორჩა.

ასფარა, შეიძლება ითქვას, რომ ნანგრევებად ქცეული სოფელია. 80–მდე სახლიდან დღეს აქ 20 თუ იქნება შემორჩენილი. ფანჯრებჩამსხვრეულ და დაცლილ სახლებს ბოქლომები ადევს, ნაწილი კი ღიაა დარჩენილი, თუმცა ყველა ეზოში გაუკვალავი თოვლია. უკაცრიელ სოფელში კვამლი მხოლოდ ერთი სახლიდან ამოდის, აქ ისპირიანების სამსულიანი ოჯახი ცხოვრობს.

ისპირიანების სამსულიანი ოჯახი

ასფარა ნინოწმინდაში, ფარავნის ტბის დასავლეთ ნაპირზე, ზღვის დონიდან 2 080 მეტრზე მდებარეობს. სოფლის დაცლა მკაცრი კლიმატური პირობების გამო, დაახლოებით, 15 წლის წინ დაიწყო. ამიტომ აქ უკვე დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს სკოლა. სოფელში არასდროს ყოფილა მედპუნქტი და მაღაზია. სასმელი წყალიც კი ერთ ადგილზე, ასპარიანების სახლიდან საკმაოდ მოშორებით მოდის. გზა კი, რომელიც ასფარას უახლოეს სოფელთან ვლადიმიროვკასთან და ასევე, ადმინისტრაციულ ცენტრთან აკავშირებს, ზამთარში თვეობით იკეტება.

ისპირიანების სამსულიანი ოჯახი

ბაღდო ისპირიანი 24 წლისაა. მისი მშობლები ჰაირაპეტ და არევიკ ისპირიანები ასფარაში 30 წლის წინ, მეზობელი სოფლიდან, ფოკიდან გადასახლდნენ. ბაღდომ სოფელში ხუთი კლასის განათლება მიიღო, ამბობს, რომ ხის შენობა, სადაც სკოლა იყო განთავსებული 10 წლის წინ დაინგრა: “კლასში ხუთი ბავშვი ვიყავით, ვსწავლობდით მათემატიკას, სომხურს, გერმანულს და ა. შ. მერე სწავლა ფოკის სკოლაში გავაგრძელე“.

ბაღდო ამბობს, რომ ასფარაში ყველა დღე ერთფეროვანია. დილიდან საღამომდე დრო სახლის საქმეებსა და საქონლის მოვლაში გაჰყავს. ერთადერთი გასართობი აქ მისთვის ტელევიზორი და ინტერნეტია.

ისპირიანებს სამი ძროხა ჰყავთ და თავს ამით ირჩენენ. სეზონურად ფარავნის ტბაზეც თევზაობენ. სწუხან, რომ თევზის დაჭერა ტბაში დასაშვები წლის განმავლობაში მხოლოდ 15 დღეა. ამიტომ, ვიდრე თოვლი მოვა და მათ სოფლამდე მისასვლელ გზას ჩაკეტავს, ცდილობენ სხვა პროდუქტებიც მოიმარაგონ.

ზამთარში, დღის განმავლობაში ასპირიანებმა გარეთ ყველა საქმის გაკეთება უნდა მოასწრონ, რადგან საღამოს მგლები გამოდიან და გარეთ გასვლა საშიშია. ამიტომ ამბობენ, რომ სოფელში მარტო ცხოვრება ძალიან უჭირთ და ასფარა უნდა დატოვონ.

“ბევრჯერ ზამთარში ექიმი დაგვჭირვებია, პრობლემები გვქონია, მაგრამ იმის გამო რომ გზაა ჩაკეტილი, ვერც სასწრაფო მოსულა და ვერც ჩვენ გავსულვართ სოფლიდან“, – გვიყვება ჰაირაპეტ ისპირიანი – “გარდა იმ ბიჭისა, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს, კიდევ სამი შვილი და შვილიშვილებიც მყავს, ერთი შვილი თბილისში, ერთი სომხეთში, ერთიც მეზობელ სოფელშია, მაგრამ მე საცხოვრებლად წასვლა ყარაბაღში მინდა. იქ სამუშაო ადგილებია და ხალხი კარგად ცხოვრობს“.

სოფლიდან წასვლა ჰაირაპეტის მეუღლეს, არევიკსაც უნდა, თუმცა იმ ადგილს, სადაც წლები გაატარა, მაინც ვერ ელევა: “მომენატრა ის დრო, როცა მეზობელთან გადავდიოდი, ყავას ვადუღებდით. ადრე მთელი სოფელი ერთი ოჯახივით ვცხოვრობდით, ჭირს და ლხინს ვუზიარებდით ერთმანეთს“.

ბოლო ხუთი წელია ისპირიანების ოჯახი ახალ წელს სტუმრების გარეშე ატარებს. უგზოობის გამო მათ ვერც შვილიშვილები სტუმრობენ. მიუხედავად ამისა, საახალწლოდ მაინც გამორჩეულად ემზადებიან. არევიკი ამზადებს ტოლმას, ხაშლამას, სალათებს. ადგილობრივები ამბობენ, თვითმმართველობა მათ ყურადღებას არ აქცევს. ერთადერთი რასაც ისპირიანები ნინოწმინდის მერიას სთხოვენ, პერიოდულად გზის გაწმენდაა.

“{გზას ასფარაში მათი მომართვის საფუძველზე ვწმენდთ–ხოლმე, უყურადღებოდ არასდროს დაგვიტოვებია“, – ამბობს ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი და ამატებს, რომ მუნიციპალიტეტის 33 სოფლიდან, ასფარა ერთადერთია, რომელიც სულ დაიცალა -“დაცლის პირას იყო სხვა სოფლებიც, თუმცა ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში, საბოლოოდ მოსახლეობა ყველგან შენარჩუნდა ასფარას გარდა“.

ქართული ხალხური ბალადა “თავფარავნელი ჭაბუკი“ ნინოწმინდის ორ უძველეს სოფელს, ასფარას, იგივე ასპანასა და თავფარავანს, დღევანდელ როდიონოვკას ეხება. ბალადა პირველად 1882 წელს ჩაიწერა. ნაწარმოები მოგვითხრობს „წყალგაღმა“ მცხოვრები ქალისა და თავფარავნელი ჭაბუკის სიყვარულის ამბავს: ღამით ჭაბუკი მიცურავს სატრფოსკენ, ქალის მიერ ანთებული სანთელი გზას უნათებს, “ავსული ბებერი“ აქრობს სინათლეს, ვაჟი კი წყალში იხრჩობა.

ისტორიკოს თინა იველაშვილის თქმით, ასპანა, ანუ დღევანდელი ასფარა, უძველესი ქართული სოფელია და მის შესახებ ცნობები ძალიან მწირია: “ეს სოფელი მოხსენიებულია 1595 წლის “გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“, უკვე როგორც დაცლილი სოფელი. თუმცა მოგვიანებით, მეოცე საუკუნის 20–იან წლებში ახალქალაქის ერთ–ერთი სოფლიდან კარტიკამიდან მოსახლეობის ნაწილი გადასახლდა ასფარაში და აქ სოფელი ისევ გაჩნდა“.

ისტორიკოსების თქით, სოფელი ძალიან დიდი იყო: “ამაზე მეტყველებს აქ შემორჩენილი მე–11 საუკუნის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელსაც სამი დიდი ქონგური აქვს და საკმაოდ დიდი გალავანი არტყია გარს“.