თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტს მხარი 37-მა დეპუტატმა დაუჭირა. პროტესტის ნიშნად საკრებულოს ოპოზიცია სხდომას არ ესწრებოდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მთლიანი მოცულობა 927, 6 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით (861,6 მილიონი) 66 მილიონი ლარით არის გაზრდილი, ხოლო 2018 წლის დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 10, 8 მილიონი ლარით.
მათივე ცნობით, მომავალ წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 357 მილიონი ლარი, რაც 2018 წლის დამტკიცებულ მაჩვენებლებთან შედარებით 18,3 მილიონით მეტია, ხოლო დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით 25,2 მილიონით ნაკლებია, რაც ძირითადად ავტობუსებისთვის განკუთვნილ თანხას შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტების წილი ბიუჯეტის მთლიან მოცულობაში 38,5%-ს შეადგენს.
ამასთან, მერიის ცნობით, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 327,9 მილიონი ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 20.8 მილიონი ლარით მეტია, ხოლო დაზუსტებულ ბიუჯეტთან 21,8 მილიონი ლარით მეტი.
როგორც მერიაში აცხადებენ, წელს გათვალისწინებულია საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის სუბსიდიის ზრდა 20 მლნ ლარით. სოციალური და ჯანდაცვის წილი ბიუჯეტის მთლიან მოცულობაში შეადგენს 35,4%-ს.
“2019 წლის განმავლობაში ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ ლარს გადააჭარბებს. სპეციალური ტრანსფერის სახით დაემატება მინიმუმ 75 მილიონი , ასევე, გარდამავალი ნაშთი. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების წილი ბიუჯეტის მოცულობაში გაიზდება 43,1%-ით (432 მლნ ლარი), ხოლო სოციალური და ჯანდაცვის მიმართულების წილი 32,7%-მდე შემცირდება.
საკრებულოში წარდგენილია ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 170 მილიონი ლარით და შეადგენს 1 მილიარდ 86,9 მილიონი ლარს. აქედან ავტობუსების შესაძენად გამოყოფილია 79,6 მილიონი ლარი; ავტობაზების, გაზგასამართების და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად – 24,7 მილიონი ლარი; მეტროსადგურების რეკონსტრუქციისთვის 5,1 მლნ ლარი; მეტროს ვაგონების მოდერნიზაციისა და ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად განსაზღვრულია 20,4 მილიონი ლარი; “თბილსერვის ჯგუფის“ სპეცტექნიკის შესაძენად გამოყოფილია 7 მლნ ლარი; საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად – 15 მილიონი ლარი”,- აცხადებენ მერიაში.