თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების საკითხზე არასამთავრობოები პარლამენტის თავმჯდომარეს და მინისტრს შეხვდნენ

1022

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ, რომელიც ეწინააღმდეგება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის კვლავ შემცირებას, დღეს თბილისში პარლამენტის თავმჯდომარესთან და რეგიონული განვითრების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი არჩილ თოდუა და ორგანიზაცია “საუნჯეს” წარმომადგენელი ეგნატე შამუგია ესწრებოდნენ. როგორც არჩილ თოდუამ  განაცხადა, შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

“კარგია, რომ შეხვედრა ჩატარდა, თუმცა მას კონკრეტული შედეგი არ ჰქონია. ჩვენ გავცვალეთ ჩვენი შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით.  ყველა დავრჩით ჩვენს პოზიციაზე. მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნიათ, რომ უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტების გამსხვილება. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ არ უნდა მოხდეს”.

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა. მათ შესაბამისი თხოვნით რეგიონული განვითარების სამინისტროს თავად მიმართეს.

თვითმმართველობებში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის ბიურომ დღეს დაარეგისტრირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. დოკუმენტის თანახმად თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე შემცირდება. კერძოდ, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი – თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს შეუნარჩუნდება. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის ავტორიც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა, ცვლილებების შეტანას 20 კანონში ითვალისწინებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა არაერთხელ გაავცელა მიმართვა მთავრობის და ადგილობრივი ხელიუსფლების მიმართ. ისინი მოუწოდებდნენ მთავრობას, რომ არ მოხდეს მუნიციპალიტეტების გაერთიანება. მიუხედავად ამისა, ზუგდიდის თემის და ქალაქის საკრებულობემა წინადადება მოიწონეს.

წყარო: ლაივპრესი