ვაკის რაიონში სკვერებისა და საბავშვო მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტების განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 482 000 ლარია გამოყოფილი.
მცირე ზომის სკვერებისა და საბავშვო მოედნების მოწყობის სამუშაოები პოლიტკოვსკაიას N38-ში, ქუთათელაძის N17-ში და ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის მე-16 კორპუსის მიმდებარედ უკვე დასრულებულია. სხვა მისამართებთან ერთად, სამუშაოების ბოლო ეტაპი სოფელ თხინვალაში, ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის I კორპუსის მიმდებარედ და ნუცუბიძის II მიკრორაიონის II კვარტლის XI კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულდება.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, სკვერებში საბავშვო მოედნები, სხვადასხვა სახის ატრაქციონები, სკამები და სანაგვე ურნები, ასევე, საფეხმავლო ბილიკები და გარეგანათების სისტემები მონტაჟდება.
გამგეობის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ვაკის რაიონს 15 სკვერი და საბავშვო მოედანი შეემატა.