ზურაბ ალავიძე – მოსახლეობამ დეცენტრალიზაციის სიკეთეები რომ იგრძნოს, საჭიროა ადგილზე უკეთესი მმართველობა

1541

დეცენტრალიზაციის სიკეთეები მოსახლეობამ რომ იგრძნოს, ამისთვის ადგილზე საჭიროა უკეთესი მმართველობა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ პარლამენტში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი არის გამჭვირვალე და დღევანდელ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებს ცვლილებების დეტალებს გააცნობენ.

„რაც შეეხება რეფორმას, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ დეცენტრალიზაციის ძირითადი პრინციპები ჩვენ 2014 წელს მივიღეთ. ქვეყანაში დეცენტრალიზაცია უკვე გვაქვს. რეგიონებში გვაქვს მუნიციპალიტეტები, სადაც გვყავს არჩეული გამგებლები და მერები. ამ რეფორმის შემდეგ მუნიციპალიტეტებში გვეყოლება ყველგან მერები. ასევე მუნიციპალიტეტებში გვყავს არჩეული საკრებულოები. ამით დეცენტრალიზაციის ძირითადი პრინციპები გვაქვს მიღებული. ეს ყველაფრი რომ ძალიან ჩაბეტონებული იყოს, ამისთვის ძირითადი პრინციპები გადაგვაქვს კონსტიტუციაში. ახალ პროექტში გათვალისწინებულია ამ პროცესის შეუქცევადობა. რაც შეეხება მომავალს, ჩვენ დეცენტრალიზცია მიღებული გვაქვს და დეცენტრალიზაციის სიკეთეები რომ იგრძნოს მოსახლეობამ, ამისთვის ადგილზე საჭიროა უკეთესი მმართველობა და ჩვენ წავალთ იმ პრინციპით, თუ როგორ განვახორციელოთ მუნიციპალიტეტებში უკეთესი მმართველობა, რა ეტაპის შემდეგ რა სერვისები გადავიდეს მათთან, რა ფუქნციები გადავიდეს. ეს იქნება 8 ან 12-წლიანი სტრატეგია, რომელსაც წლის ბოლოსთვის წარმოვადგენთ და მასში ყველაფერი იქნება გაწერილი”, – განაცხადა ალავიძემ.

მისივე თქმით, ამ ცვლილებებით ასევე მოწესრიგდება ა(ა)იპებ-ის შექმნისა და მუშაობის პრინციპები.

„ვიმუშავებთ, რომ ადგილზე თანამშრომლების ცოდნამ და გამოცდილებამ წინ წაიწიოს”, – განაცხადა ალავიძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეერთების შემდეგ ქალაქებს ბიუჯეტი არ შეუმცირდება არც ერთი თეთრით.

„უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ თემებსა და ქალაქებში მმართველობას ერთი მენეჯმენტი განახორციელებს, ისევე როგორც ხდება სხვა მუნიციპალიტეტებში. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ შეიძლება მენჯმენტის დანაწევრება. დანაწევრებული მენეჯმენტი და მმართველობა არაეფექტურია. არავინ ეხება არჩევითობის პრინციპს, მათ ფუქციებს. ჩვენ ვსაუბრობთ უკეთეს მენეჯმენტზე, უკეთეს მმართველობაზე”, -განაცხადა ალავიძემ.

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარლამენტში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. მას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ხელმძღვანელობენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი