თბილისის მერმა კახა კალაძემ, გუშინ გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის ანძის მოდერნიზაცია იგეგმება და უახლოეს მომავალში მას ბიზნესსექტორს წარუდგენენ. ამასთან, მერმა აღნიშნა, რომ მერიას თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციისთვის ორი პროექტი აქვს შედგენილი და სოციალური ქსელის საშუალებით ერთ-ერთს მოქალაქეების ჩართულობით აარჩევენ.
“მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, ასევე არის შესაძლებლობა, მოეწყოს რესტორანი და ზემოდან შესაძლებელია იყოს გადმოსახედი, პანორამული, ძალიან ლამაზი სივრცეა. თუმცა აქ არის პროექტის ორი ვარიანტი. ერთ შემთხვევაში ე.წ. უსაფრთხოების უჯრედი განთავსებულია ასასვლელის შუა ნაწილში, მეორე შემთხვევაში კი ეს უჯრედი არის წინა ნაწილთან მიდგმული. ორივე პროექტს განვათავსებთ ინტერნეტ სივრცეში და გვაინტერესებს საზოგადოების აზრი, თუ რომელი პროექტი უფრო მოსაწონი იქნება და რომლის განხორციელება იქნება საინტერესო სამომავლოდ.
ვიზიტორთა ცენტრი გათვლილი იქნება, 300 000-მდე დაინტერესებულ პირზე. 75 მეტრის სიმაღლეზე იქნება ეს ობიექტი და შესაძლებლობა გვექნება დავასაქმოთ, 50-მდე ადამიანი. პროექტის განხორციელება, დაახლოებით, 10 მილიონი დაჯდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.