თბილისის სატელევიზიო ანძაზე ვიზიტორთა ცენტრი მოეწყობა

1925

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაცია მოხდება. მისივე თქმით, ესტონურმა კომპანიამ ანძის მოდერნიზაციის რამდენიმე პროექტი შეიმუშავა, ხოლო თბილისის მერიამ სპეციალისტებთან ერთად ორი აარჩია. კალაძის განმარტებით, ამ ორიდან ერთს მოსახლეობა ინტერნეტის მეშვეობით თავად შეარჩევს.

“მინდა ვისაუბრო სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის პროექტზე. ჩვენ ამაზე არჩევნების წინაც ვისაუბრეთ, დავამზადეთ ვიდეო-კლიპიც, თუ როგორ წარმოგვედგინა ამ პროექტის განხორციელება. გარდა მოდერნიზაციისა, ეს პროექტი ითვალისწინებს ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას, თავად კონცეფცია შეიმუშავა ესტონურმა კომპანიამ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, ეს არის “კოკო არქიტექსტი“, მას ძალიან ბევრი ამდაგვარი პროექტი აქვს განხორციელებული. მათ გადმოგზავნეს რამდენიმე ვერსია მერიაში, განხილული იქნა პროექტები და მოხდა შეჯერება. განხილვებში ჩართული იყო ჩვენი კულტურული საბჭო, ასევე სხავადასხვა სპეციალისტები, ისტორიის წარმომადგენლები, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები და შედეგად ორი ვარიანტი არის წარმოდგენილი“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე ისაუბრა პროექტის ბიზნესსექტორისთვის წარდგენაზე.

“აქ მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, ასევე არის შესაძლებლობა, მოეწყოს რესტორანი და ზემოდან შესაძლებელია იყოს გადმოსახედი, პანორამული, ძალიან ლამაზი სივრცეა. თუმცა აქ არის პროექტის ორი ვარიანტი. ერთ შემთხვევაში ე.წ. უსაფრთხოების უჯრედი განთავსებულია ასასვლელის შუა ნაწილში, მეორე შემთხვევაში კი ეს უჯრედი არის წინა ნაწილთან მიდგმული. ორივე პროექტს განვათავსებთ ინტერნეტ სივრცეში და გვაინტერესებს საზოგადოების აზრი, თუ რომელი პროექტი უფრო მოსაწონი იქნება და რომლის განხორციელება იქნება საინტერესო სამომავლოდ.

ვიზიტორთა ცენტრი გათვლილი იქნება, 300 000-მდე დაინტერესებულ პირზე. 75 მეტრის სიმაღლეზე იქნება ეს ობიექტი და შესაძლებლობა გვექნება დავასაქმოთ, 50-მდე ადამიანი. პროექტის განხორციელება, დაახლოებით, 10 მილიონი დაჯდება. ამ პროექტს და ასევე მუხიანში – “რადიოქალაქის“ მოწყობის პროექტს,  ბიზნესსექტორს წარვუდგენთ, რომ დავაინტერესოთ და განახორციელოს ეს მნიშვნელოვანი პროექტი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.