გრიგოლ მახარაძე
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის
ოზურგეთის ოფისის კოორდინატორი
ყოველთვის, როდესაც ბავშვები საბავშვო ბაღში მიმყავს ან ვაკითხავ, ძალიან პატარა მანძილის გავლა მიწევს. საბავშვო ბაღი თითქმის ჩემი სახლის პირდაპირაა, მაგრამ ეს მცირე მონაკვეთი საკმარისია იმისთვის, რომ ყოველ ჯერზე მაიძულოს იმის გახსენება, თუ რამდენად საჭიროა ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობა.
ჩემი ეზოდან 50 მეტრში საჯარო სკოლის მთავარი შესასვლელია, მის მოპირდაპირედ, ქუჩის მეორე მხარეს კი – ბაღი, სადაც ჩემი შვილები დადიან. ქუჩის გადაკვეთისას ყოველთვის უკიდურესად ფრთხილად ვართ. სკოლისა და ბაღის შესასვლელების პირდაპირ ტროტუარის ბორდიური და გაზონები მიზანმიმართულადაა გაჭრილი ქვეითთა გადასასვლელისთვის, აქ თითქოს ზებრა-გადასასვლელი უნდა იყოს, მაგრამ არ არის. ყველა ქვეითი თუ მძღოლი, ვინც აქ მოძრაობს – მშობლები, მასწავლებლები, ბავშვები – საკუთარი სიფრთხილითა და წინდახედულობით გადის ფონს. მუნიციპალიტეტს კი ვალი მოხდილი აქვს – „ზებრა“ დახატულია ოდნავ მოშორებით, ქუჩის კუთხეში, გზაჯვარედინთან. მაგრამ ის უფრო საშიში ადგილია ქუჩის გადასაკვეთად, თანაც ტროტუარიდან ზებრამდე მისაღწევად ორი დაბრკოლებაა გადასალახი: გაზონი და სანიაღვრე არხი. ამიტომ მას არავინ იყენებს, მათ შორის, არც ჩვენ.
საბავშვო ბაღის შენობაში მარჯვენა, მთავარი შესასვლელიდან შევდივართ. აქ თვალი სულ მარცხენა შესასვლელისკენ გამირბის, სადაც უსარგებლო პანდუსია მოწყობილი. უსარგებლო იმიტომ, რომ მარცხენა შესასვლელით სარგებლობისთვის საჭიროა გავლა მარცხენა ჭიშკრისა, რომელიც მუდამ ჩაკეტილია – ამ შესასვლელთან სანიაღვრე სისტემა არ არის და მუდმივად იტბორება. დაახლოებით 5 წლის წინ, როცა შენობას არემონტებდნენ, არავის უფიქრია, რომ პანდუსი მთავარ შესასვლელთან მოეწყოთ, ან მეორე შესასვლელიც ფუნქციური გაეხადათ. რა საჭიროა? კანონმდებლობის მოთხოვნა, რომ შენობა ადაპტირებული იყოს, შესრულებულია, მერე რა, რომ პანდუსი უსარგებლოა, ყველა მართალია: დამპროექტებელი, მშენებელი, მუნიციპალიტეტი.
პირველივე გულუბრყვილო კითხვა, რასაც მსგავსი ამბების (ასეთი კი ბევრია!) მოყოლის შემდეგ მე მისვამენ, არის – „რატომ არ მიმართავთ თვითმმართველობას?“ ეს კითხვა იმ მცდარ დაშვებას ეფუძნება, რომ თვითმმართველობაში, რომელიც სწორედ ლოკალური, ყოველდღიური და ყოფითი საკითხების მოგვარებაზეა პასუხისმგებელი, მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირებენ და რომ პრობლემები შეიძლება გადაიჭრას თვითმმართველობისადმი მიმართვით. პრაქტიკული გამოცდილება აჩვენებს, რომ ასე არ არის, მოქალაქეები განცხადებებსაც წერენ, facebook-ზეც აქტიურობენ და პეტიციებსაც ადგენენ, მაგრამ სათანადო შედეგებს ვერ იღებენ. მაგალითად, მხოლოდ ოზურგეთში ბოლო 2 წლის განმავლობაში 15-მდე პეტიცია მომზადდა, მათგან ყველაზე მწვავე და მნიშვნელოვანი საკრებულომ არ დაამტკიცა, დანარჩენები კი ბიუროკრატიულ ლაბირინთებშია გაჭედილი – სხვადასხვა უწყებებს აქვთ დაგზავნილი შესასწავლად.
პრობლემის არსი კი ისაა, რომ, სინამდვილეში, ჩვენ საქართველოში თვითმმართველობა არ გვაქვს. ის, რასაც კანონის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობა ჰქვია, რეალურ ცხოვრებაში ცენტრალური ხელისუფლების ადგილობრივი ფილიალია. ამის ყველაზე მკაფიო ინდიკატორია ის, რომ საქართველოში უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში ყოველთვის იგივე პოლიტიკური ძალა არის წარმოდგენილი, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებაშია. ადგილობრივი მთავრობა იცვლება არა ადგილობრივი (მუნიციპალური) არჩევნების შედეგად, არამედ ცენტრალური ხელისუფლების ცვლილების მიხედვით. ასე მოხდა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ასე მოხდა 2012 წელს.
ადგილობრივი თვითმმართველბის თანამდებობის პირები – მერები, საკრებულოების წევრები – არ ცხოვრობენ საარჩევნო ციკლიდან ციკლამდე, არ არიან დამოკიდებულნი ამომრჩევლის მიერ მათი საქმიანობის შეფასებაზე და შესაბამისად, ამომრჩევლის მიერ გაკეთებულ არჩევანზე. სწორედ ამიტომ არიან ადგილობრივი მთავრობები ორიენტირებულნი წლიური ბიუჯეტის შესრულებაზე და არა ხარჯების ეფექტიანობაზე, კანონის მოთხოვნების ფორმალურ შესრულებაზე და არა საუკეთესო პრაქტიკების ძიებაზე, ცენტრიდან ინიცირებულ პრიორიტეტებზე და არა ადგილობრივ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე.
ცენტრზე დამოკიდებულებას რამდენიმე ფაქტორის ერთიანობა იწვევს, მათ შორისაა ფისკალური ცენტრალიზაცია: ქვეყანაში აკრეფილი გადასახადების 90%-ზე მეტი ცენტრალურ ხელისუფლებას მიაქვს (მაგალითად, შვედეთში საგადასახადო შემოსავლების 70% მუნიციპალიტეტებს რჩებათ) და პოლიტიკური ცენტრალიზაცია: საქართველო ინარჩუნებს მსხვილ მუნიციპალიტეტებს, რაც ბმას ადგილობრივ მთავრობასა და მოქალაქეებს შორის კიდევ უფრო ასუსტებს (საქართველოში 6-ჯერ დიდი მუნიციპალიტეტებია, ვიდრე ა.შ.შ.-ში და 10-ჯერ დიდი ვიდრე ევროკავშირში).
პოლიტიკური დეცენტრალიზაციის იმედი ახლო მომავალში არ უნდა გვქონდეს. ის რეფორმა, რაც ამ მიმართულებით ხელისუფლებამ 2013 წელს დაგეგმა, თავადვე უარყო 2017 წელს. სანაცვლოდ მივიღეთ დაპირება ფისკალური დეცენტრალიზაციისა. რას მივიღებთ, ამას მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი, სანამ დამოუკიდებელი ადგილობრივი თვითმმართველობა გვექნება, ცენტრალურ ხელისუფლებებს მოუწევთ, თავად ატარონ ადგილობრივი მმართველობით გამოწვეული უკმაყოფილების ტვირთი.
მომზადებულია პროექტის – “საზოგადოებრივი კამპანია “თვითმმართველობის დროა” – ფარგლებში”