2019 წლიდან პანკისში საცხენოსნო სკოლისა და კულტურისა და სათემო სახლების მშენებლობა დაიწყება

935

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურო პანკისის ხეობის სოფელ დუისში დღეს უხუცესთა საბჭოს გამგეობის წევრებს სშეხვდა. შეხვედრაზე პანკისში ტურიზმის განვითარების, ეკონომიკური, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

“დღეს შეხვედრაზე პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებს ვაცნობე, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა ადგილობრივების თხოვნა და 2019 წლიდან პანკისში საცხენოსნო სკოლისა და კულტურისა და სათემო სახლების მშენებლობა დაიწყება. ასევე, შეხვედრაზე უხუცესებს ის ინიციატივები გავუზიარეთ, რაც ხეობის სოციალურ-ეკონომიურ გაძლიერებასთან დაკავშირებით აქვს ხელისუფლებას დაგეგმილი. ეფექტური იქნება მუშაობა ტურიზმის განვითარების, ტურისტების მოზიდვის, ასევე, ახალგაზრდების პროფესიული განათლების გაძლიერების კუთხით”,- განაცხადა ლია გიგაურმა.

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ, ზაურ გუმაშვილმა შეხვედრას პოზიტიური უწოდა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხეობაში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

“არის რიგი საკითხები, რომელიც გადაიჭრა და ზოგიც ახლა არის გადაჭრის პროცესში. ხელისუფლებისგან ნამდვილად ვგრძნობთ ყურადღებას. დღევანდელ შეხვედრაზე პანკისის სოციალურ-ეკონომიკური საკითხების  გარდა, სოფელ ომალოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობაზეც ვისაუბრეთ და დადებით გადაწყვეტილებას ველოდებით”,- აღნიშნა გუმაშვილმა.