ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე ადგილობრივებმა კვების ობიექტის მშენებლობა გააპროტესტეს. მოსახლეობა ამბობს, რომ ამ მშენებლობისთვის სკვერი იჩეხება და ფუნქციას კარგავს. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.
აქციაზე აქციის მონაწილეები კერძო ბიზნესმენს დაუპირისპირდნენ და რამდენჯერმე ფიზიკური შეხლა-შემოხლაც მოხდა.
კაფე-ბარის მეპატრონე ამბობს, რომ ოფიციალური ნებართვა ქალაქის მერიისგან მიიღო. ადგილობრივებმა კვების ობიქტისტის მშენებლობისთვის მიტანილი კონსტრუქცია ტერიტორიიდან გამოიტანეს. მოსახლეობა აცხადებს, რომ მერიას მათაც მიმართეს ერთი წლის წინ თხოვნით, რომ სკვერი საკუთარი ხარჯებით კეთილმოეწყოთ, თუმცა მერიისგან უარი მიიღეს.
ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლების პროტესტს ქუთაისის მერიაში პასუხობენ. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ბაქარ ჭეიშვილის თქმით, ნებართვა კანონის სრული დაცვით გაიცა და პირველ ეტაპზე მხოლოდ შემოღობვის უფლება მიეცათ. მშენებლობის პროცესი კი მას შემდეგ დაიწყება, რაც ექსპერტიზა ჩატარდება. ჭეიშვილი განმარტავს, რომ სკვერი მოუწესრიგებელი იყო და მოსახლეობა მას პარკინგისთვის იყენებდა.
წყარო: იმედინიუსი
ფოტო: ხათუნა მაისურაძე, იმედინიუსი