საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გორის მერიიდან გადაგზავნილი განცხადება მიიღეს, სადაც ნათავამია, რომ გორის მერია კომბინატის დასახლებაში მიწის ფართს სუპერმარკეტის მშენებლობისთვის აქირავებს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
გორის მერია თანახმაა, რომ მშვიდობის გამზირზე, იქ სადაც ნარგავები დგას, კომერციული ფართი აშენდეს. მერიის მტკიცებით, ყოველ მოჭრილ ხეზე სამი ცალი ვერცხლის ნაძვი დაირგვება.
“განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებს 100 000 ლარის ინვესტიციას და დაასაქმებს მინიმუმ 15 პირს”, – აღნიშნულია მერიის იურიდიული სამსახურის მიერ შედგენილ მოხსენებით ბარათში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, 437 კვ.მ ფართი მოქალაქე პაატა მიქავას 30 წლის ვადით გადაეცემა. საწყისი წლიური აღნაგობის საზღაური 1 800 ლარით, ხოლო, საწყისი თვიური აღნაგობის საზღაური – 150 ლარით განისაზღვრა.
“არ მინდოდა ცენტრში კომერციული ფართის გაკეთება. ყველაფერი ცენტრშია თავმოყრილი და მინდა, რომ ასეთი ობიექტი ამ უბანში გავაკეთო. ეს იქნება სუპერმარკეტი, სადაც შერეული პროდუქცია გაიყიდება”, – აცხადებს ინდივიდუალური მეწარმე პაატა მიქავა.