საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თვითმმარველობის რეფორმასთან დაკავშირებთ განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი განვითარება მოხდება და კიდევ მეტად ჩაიშლება დაბალ მუნიციპალურ დონეებზე.
“ამას წინ არაფერი უდგას და სპეკულაციებს, რომლებსაც მთელი ამ დღეების განმავლობაში ვისმენდით, არანაირი საფუძველი არ გააჩნია”, – აღნიშნა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მინისტრთა კაბინეტი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს.
“თვითმმართველობის რეფორმა არის დინამიური, ცოცხალი ორგანიზმი და მას სჭირდება რა თქმა უნდა კორექტირებები, ვინაიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოიკვეთა მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომლებიც ხელს უშლის თვითმმართველობის პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენას და ჭეშმარიტი თვითმმართველობის განვითარებას საქართველოში. ეს გახლავთ 14 მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული პრობლემა და დღევანდელი ცვლილებით, 14 მუნიციპალიტეტის რაოდენობას ვამცირებთ 7-მდე, რაც არამც და არამც არ ნიშნავს, უპირველეს ყოვლისა, ბიუჯეტის შემცირებას ამ მუნიციპალიტეტებში. მუნიციპალური ბიუჯეტები გაერთიანდება, როდესაც ჩვენ ქალაქისა და რაიონის მუნიციპალიტეტებს გავაერთიანებთ. ავტომატურად დაჯამდება ბიუჯეტი, რომელიც არსებობდა ამ ქალაქსა თუ რაიონში და არავითარ შემთხვევაში მას არც ერთი თეთრი არ მოაკლდება”, – განაცხადა პრემიერმა.
ცვლილებების მეორე მიზეზი, მთავრობის მეთაურის თქმით არის ის, რომ აღნიშნულ რაიონებში იყო ორხელისუფლებიანობა, ასევე – უამრავი პრობლემა აღსრულების ეფექტიანობისა და ფუნქციების გაორების კუთხით. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მთელ რიგ შემთხვევებში დუბლირება ხდებოდა და ამ ემპირიულმა გამოცდილებამ გამოიწვია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების შემუშავება.
“ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოებს მიეცემათ დემოკრატიული კონტროლის განხორციელების რეალური ბერკეტები. გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებში იქნება მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა, რომელიც საკრებულოს წარუდგენს მისი მოადგილეების, სამსახურების უფროსების კანდიდატურებს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში დაინიშნებიან პიროვნებები აღნიშნულ თანამდებობებზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ცვლილებების მეორე პაკეტით, მუნიციპალიტეტებში დარეგულირდება არასამეწარმეო იურიდიული პირების ოპტიმიზაციის მექანიზმი და მათი შექმნისას გათვალისწინებული პრინციპი, რომ ერთ სფეროში იყოს ერთი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რათა თავიდან იქნას აცილებული ამ მიმართულებითაც ფუნქციების დუბლირება.
პრემიერის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ ყველა დასახლებაში გათვალისწინებულია ტერიტორიული ორგანოების შექმნა, რომლებიც კონკრეტული დასახლების საჭიროებებს და მოთხოვნებს პირდაპირ მიიტანენ მუნიციპალიტეტის მერამდე. ეს ორგანოები უზრუნველყოფენ მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
“ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტრო მუშაობს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის შედგენის დროს ნორმატიული წესების შექმნაზე, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაითვალისწინებს ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას. ეს სამუშაო მიმდინარეობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად. ბიუჯეტირების პროცესშივე მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ქვემოდან ზემოთ მომავალი პროცესი, განისაზღვრება პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების მიხედვით განაწილდება არსებული რესურსები მუნიციპალიტეტების ბიუჯეტირებისას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს თვითმმართველობის რეფორმის ავტორიტეტის და წარმატების გაზრდას და არა პირიქით, როგორც ამაზე ზოგიერთები აპელირებენ”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
თვითმმართველობის რეფორმის მოსალოდნელ გაგრძელებას უკმაყოფილება თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით მოჰყვა. მიზეზი 7 ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის შესაძლო ჩამორთმევაა. რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის ინიციატივას მხარი ზუგდიდის თემის და ქალაქის საკრებულოებმა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დაუჭირა.
წყარო: ლაივპრესი