პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრა გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს რეგიონების გამოწვევებსა და მიზნებზე და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისა და დეცენტრალიზაციის კუთხით მიმდინარე რეფორმებზე.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა რეგიონების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის საკითხებს. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ რეგიონების თანაბარი და უწყვეტი განვითარების პოლიტიკაზე და რწმუნებულების ინსტიტუტის შესახებ ისაუბრა.
“სახელმწიფო რწმუნებულები პრემიერმინისტრს და მთავრობას წარმოადგენენ და მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა რეგიონების განვითარების საქმეში. ვფიქრობ, საჭიროა რწმუნებულების როლის და შესაძლებლობების ინსტიტუციური ზრდაც, რომ მათი საქმიანობის ფორმალური საფუძვლები შესაბამისობაში იყოს არსებულ გამოწვევებთან. საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი საკანონმდებლო და კანონშემოქმედებითი თვალსაზრისით მზად არის ასეთი სამუშაოსთვის“, -აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.