ნინო ლომჯარია – თბილისის მერიაში მიმდინარე აუდიტით 2015-2016 წლების მდგომარეობას ვსწავლობთ

676

თბილისის მერიაში მიმდინარე აუდიტით 2015-2016 წლების მდგომარეობას ვსწავლობთ, – ამის შესახებ გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, კონკრეტულად რა დარღვევები იქნა აღმოჩენილი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიის შემთხვევაში.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურმა დაახლოებით, 10 დღის წინ გაასაჯაროვა ის მასალები, რომლებიც არსებობს მერიაში მიმდინარე აუდიტთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს ფაქტი აუდიტის სამსახურის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშში ვერ მოხვდა, ვინაიდან „ეს არის გასული წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში, რომელიც მიმოიხილავს ზოგად ტენდენციებსა და პრიორიტეტულ საკითხებს აუდიტის საქმიანობის შედეგების“.
ლომჯარის თქმით, დღეს მერიაში აუდიტის სამსახური სწავლობს 2015-2016 წლების მდგომარეობას.

„შესაბამისად, ამ ეტაპზე მე ვერ გეტყვით თუ რა მიმართულებით გამოიკვეთა ხარვეზები, რადგან დღეს მიმდინარე აუდიტი სწავლობს სწორედ ქონების მართვის მენეჯმენტის საკითხებს, ამიტომ მსგავსი ტიპის საკითხები იყო თუ არა გასულ წლებში მერიაში გამოიკვეთება და ვიტყვით, როდესაც აღნიშნული აუდიტი დასრულდება. ჩვენ მხოლოდ გავასაჯაროეთ მხოლოდ ის კონკრეტული ინციდენტი. დაახლოებით, ერთი თვის ვადაში ჩვენ დავასრულებთ ამ ანგარიშზე მუშაობას და შემდეგ შემეძლება ვისაუბრო, არის თუ არა კიდევ მსგავსი ტიპის ხარვეზები მერიაში“, – განაცხადა ლომჯარიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი