დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 683 539 კვ.მ. გზის საფარს, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 135 744 331 ლარი დაიხარჯა. ამასთან, მისი ინფორმაციით, გზების აღდგენა-რეაბილიტაციი 12 ქუჩაზე დასრულდა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ მასშტაბის სამუშაოები ბოლო წლების განმავლობაში არ განხორციელებულა, თუმცა მომავალ წელს, მერია კიდევ ბევრი პროექტის შესრულებას გეგმავს.
“არსებობს კონკრეტული ქუჩები, კონკრეტული უბნები, სადაც ამ მხრივ მძიმე სიტუაციაა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს. გზების მშენებლობისა და აღდგენის დროს, ყველა იმ მისამართზე, სადაც ჩვენ მუშაობას ვიწყებთ, ფუნდამენტურად იცვლება ყველაფერი. იმ პროექტების ფარგლებში, რომელიც უკვე დასრულდა, ყველგან იყო გათვალისწინებული ქვეითებისთვის განკუთვნილი საგზაო ინფრასტრუქტურა, ახალი გაჩერებები, გადასასვლელები და ტროტუარები, ასევე, მიმდინარეობს ქუჩების ადაპტირება შშმ პირებისათვის. 97 000 კვ.მ. ფართობზე არსებულ გზაგამყოფ კუნძულებზე ბეტონი შეიცვალა მწვანე საფარით. ჩვენ შევცვალეთ მიდგომა და მინდა, რომ სადაც შესაძლებელია, ეს კუნძულები გამწვანდეს. ამის საუკეთესო მაგალითია სააკაძის მოედანი, რომელიც საპილოტე პროექტი იყო და გაამართლა. კუნძულებზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაიგო ბალახი და დაირგო სხვადასხვა სახეობის 7 000-მდე ბუჩქი. გარდა ამისა, მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც გზის საფარი წესრიგდებოდა, თუმცა, დაზიანდებოდა მილი და შემდეგ გზის საფარს თავიდან თხრიდნენ, რაც ბიუჯეტისთვის დამატებითი ხარჯი იყო“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის ათივე რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციები 169 მისამართზე მოწესრიგდა და 3 401 571 ლარი დაიხარჯა.
როგორც კალაძემ განაცხადა, დედაქალაქში მონტაჟდება თანამედროვე სტანდარტის LED სანათები, რაც ელექტროენერგიის 60-70 % დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა. მისი ინფორმაციით, ამავე ტიპის სანათებით განათდა მეტეხის კლდე და აზეულას (ქოროღლის) ციხე. ამასთან, თბილისის ათივე რაიონში კეთილმოწყობის სხვადასხვა სამუშაოებისა და გრუნტის დამჭერი კედლების რეაბილიტაცია-მოწყობისთვის, 1 173 მისამართზე 9 140 179 ლარი დაიხარჯა.
მისივე თქმით, დასრულდა როგორც მდინარე ვერეზე, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე საქვეითო ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, ისე, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა, რის შედეგადაც, თავისუფლად გადაადგილდება ავტოტრანსპორტი. აქვე მოწყობილია პატარა სკვერი და გამწვანებულია გზაგამყოფი.
მიმდინარეობს მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ორდონიანი კვანძის მშენებლობა, ზემო და ქვემო ფონიჭალას დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა, ასევე, ვარკეთილისა და მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი ხიდების რეაბილიტაცია.
“მუხიანის აგარაკების დასახლებაში არ არსებობდა წყალარინების ქსელი, მოსახლეობისთვის ეს ძალიან მძიმე ტვირთი იყო. მომავალი წლის გაზაფხულზე სამუშაოები უკვე დასრულებული იქნება და ამის შემდეგ დაიგება გზის საფარი. ასევე, დავიწყეთ სოფელ დიღმის წყალარინების ქსელის მოწყობა, რაც დაახლოებით 30 მილიონი ლარი ჯდება. პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დაწყებულია“, – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერმა, ასევე, ისაუბრა მიწისქვეშა გადასასვლელებში წარსულში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ უკვე მოწესრიგდა გმირთა მოედნისა და ბარათაშვილის ხიდის ქვემოთ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები, რომელიც უკვე მოიხატა ქუჩის ხელოვნების ქართველი და უცხოელი წარმომადგენლების მიერ, ასევე, პირვანდელი სახით აღდგა სასტუმრო “რუმსთან“ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი. მისის თქმით, მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება მომავალშიც გაგრძელდება.
ასევე, დედაქალაქის მერმა თბილისის განვითარების ფონდის მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა, რაც ძველი თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.