“მრავალეროვანმა საქართველომ” არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

912

“მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლოა დავასკვნათ, რომ უბნის გახსნისა და მოწყობის, ხმის მიცემის, საარჩევნო უბნების დახურვისა და ხმის დათვლის პროცესი წარიმართა მშვიდ გარემოში, მიუხედავად გარკვეული ხარვეზების არსებობისა”, – ამის შესახებ “მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენელმა ირმა ბასილაშვილმა საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი იქნა შემდეგი ხასიათის ინციდენტები:

კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გადანაწილების პროცედურის დარღვევა (2 ინცინდენტი)

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #49 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ინციდენტი. კერძოდ, დარღვევით ჩატარდა წილისყრის პროცესი. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის შენიშვნის საფუძველზე დარღვევა აღმოიფხვრა.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #9 საარჩევნო უბანზე წილისყრის პროცედურის დროს დაფიქსირდა ინცინდენტი. კერძოდ, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ,ნაციონალური მოძრაობის“ და ,,ევროპული საქართველოს“ კომისიის წევრებმა უარი განაცხადეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წაღებაზე.

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა (6 ინცინდენტი)

გარდაბნის #21 საარჩევნო ოლქის, #52 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ინციდენტს. კერძოდ, უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიან დამკვირვებელს არ მისცეს უბანზე შესვლის უფლება.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #49 საარჩევნო უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში კომისიის წევრის მიერ ადგილი ჰქონდა მუქარას „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლის მიმართ.

გარდაბნის #21 საარჩევნო ოლქის, #52 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ინციდენტს. კერძოდ, „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიან დამკვირვებელს არ მიეცა ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის გაკეთების უფლება, რითაც დაირღვა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 90-ე მუხლით გათვალისიწნებული უფლება. აღნიშნულის თაობაზე დამკვირვებლმა დაწერა საჩივარი.

გარდაბნის #21 საარჩევნო ოლქის, #42 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ინციდენტს. კერძოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საარჩევნო უბნიდან გამოძევებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელი. საგულისხმოა ის გარემოაბეაც, რომ დამკვირვებლის საარჩევნო უბნიდან გამოძევება მოხდა უბანზე არარეგისტრირებული – არაუფლებამოსილი პირის (დამკვირვებლის) მოთხოვნის საფუძველზე.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #11 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა. კერძოდ, ორგანიზაციის დამკვირვებელს შეეზღუდა უბანზე გადაადგილების უფლება და შესაბამისად დაკვირვების თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა. აღშნიშნული ინციდენტი აღმოიფხვრა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან განხორციელებული კომუნიკაციის შედეგად.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #48 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ნაკადის მარეგულირებელი მიერ ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის კანონიერი უფლების შეზღუდვა. კერძოდ, ორგანიზაციის დამკვირვებელს ნაკადის მარეგულირებელი არ აძლევდა შესაძლებლობას თვალყური ედევნებინა მარკირების შემოწმების პროცესისთვის.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა (12 ინცინდენტი)

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #40 და #42 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, კერძოდ ამომრჩეველმა რეგისტრაციის მაგიდასთან გააკეთა არჩევანი.

ნინოწმინდის #41 საარჩევნო ოლქის, #3 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 2 შემთხვევა, კერძოდ ამომრჩეველმა რეგისტრაციის მაგიდასთან გააკეთა არჩევანი.

ახალქალაქის  #40 საარჩევნო ოლქის, #42 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, კერძოდ ამომრჩეველმა რეგისტრაციის მაგიდასთან გააკეთა არჩევანი.

გარდაბნის #21 საარჩევნო ოლქის, #61 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 2 შემთხვევა, კერძოდ ამომრჩეველმა ხმის მისაცემ კაბინაში, არჩევანის გაკეთების დროს, მოახდინა ბიულეტენის მობილური ტელეფონის მეშვეობით ფოტოს გადაღება.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #42 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის ფაქტი. კერძოდ, საარჩევნო კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა კომისიის წევრს აჩვენა შემოხაზული ბიულეტენი.

ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #31 საარჩევნო უბნზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის ინციდენტი. კერძოდ, საარჩევნო კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა კომისიის წევრს აჩვენა შემოხაზული ბიულეტენი.

ორივე ინციდენტი აღმოიფხვრა „მრავალეროვანი საქართველოს“ სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე.

ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #40 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კენჭისყრა საარჩევნო კაბინის ნაცვლად განახორციელა საარჩევნო ურნასთან.

ნინოწმინდის #41 საარჩევნო ოლქის, #1 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის ორი ფაქტი. ერთ შემთხვევაში, ამომერჩეველმა ტელეფონის გამოყენებით ფოტო გადაუღო ბიულეტენს. ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა ამომრჩეველს მიმართა აღნიშნული ფოტოს წაშლის მოთხოვნით, თუმცა მან არ დააკმაყოფილა მოთხოვნა.

ამავე უბანზე მომხდარი მეორე ინციდენტის დროს კი კომისიის თავმჯდომარემ მას შემდეგ, რაც ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი და გამოვიდა საარჩევნო კაბინიდან, ამომრჩეველს გამოართვა ბიულეტენი იმ მოტივით, რომ გადაემოწმებინა, ბიულეტენი ნამდვილად ეკუთნოდა თუ არა აღნიშნულ საარჩევნო უბანს. შესაბამისად, ბიულეტენის გადამოწმების დროს დაარღვა კენჭისყრის ფარულობა (ვინაიდან მოხდა ბიულეტენის გაშლა).

ხმის მიცემის მცდელობა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე (5 ინცინდენტი)

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #40 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემის მცდელობა, საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისიწნებული სათანადო დოკუმენტის წარდგენის გარეშე. აღნიშნული დარღვევა ოპერატიულად აღმოიფხვრა ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #46 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისიწნებული სათანადო დოკუმენტის წარდგენის გარეშე ხმის მიცემის მცდელობა. რომელიც დაუყოვნებლივ აღმოიფხვრა ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის სიტყვიერი შინიშვნის საფუძველზე.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #46 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისიწნებული სათანადო დოკუმენტის წარდგენის გარეშე ხმის მიცემის მცდელობა. რომელიც დაუყოვნებლივ აღმოიფხვრა ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის სიტყვიერი შინიშვნის საფუძველზე.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #22 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა არასათანადო დოკუმენტით (მართვის მოწმობით) კენჭისყრაში მონაწილეობის მცდელობა, რაც ოპერატიოულად იქნა გამოვლენილი ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ და აღნიშნულ ამომრჩეველს არ მიეცა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #44 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა ამომრჩეველს უფლება მისცა საარჩევნო უბანზე შესულიყო სხვისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით. აღნიშნულ ფაქტზე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი, რის შედეგადაც ამომრჩეველს დაატოვებინეს საარჩევნო უბანი და შეცვლილ იქნა ნაკადის მარეგულირებელი, ხოლო აღნიშნული კომისიის წევრის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით საჩივარი შეტანილ იქნა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის პროცესის ხელის შეშლის მცდელობა (2 ინციდენტი)

გარდაბნის #21 საარჩევნო ოლქის, #46 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ორ ინციდენტს. პირველ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ადგილობრივი მაცხოვრებლები, ხოლო მეორე შემთხვევაში რუსთავში რეგისტრირებული ამომრჩევლები ცდილობდნენ კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის მიღებას. მას შემდეგ, რაც მათ კანონიერად შეეზღუდათ ხმის მიცემა, ისინი შეეცადნენ, ხელი შეეშალათ კენჭისყრის პროცესის მშვიდ გარემოში მიმდინარეობას.

განმეორებით ხმის მიცემა/მცდელობა (3 ინციდენტი)

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #48 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ნაკადის მარეგულირებლის მიერ მარკირების მქონე პირების საარჩევნო უბანზე შემოშვების ფაქტი. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იქნა ნაკადის მარეგულირებლის შეცვლა (საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად აღნიშნული დარღვევა გასაჩივრდა საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც დაკმაყოფილდა და შესაბამისად ჩვენი საჩივრის საფუძველზე მოხდა ნაკადის მარეგულირებლის შეცვლა).

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #89 და #49 საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა ნაკადის მარეგულირებლის მიერ მარკირების მქონე პირების საარჩევნო უბანზე შემოშვების მცდელობა. ინციდენტები აღიკვეთა „მრავალეროვანი საქართველოს“  სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე.

კენჭისყრის პროცედურის დარღვევა (4 ინციდენტი)

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #44 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის მიმდინარეობისას მწყობრიდან გამოვიდა მარკირების შესამოწმებელი ფარანი, მაგრამ გრძელდებოდა ამომერჩეველთა ნაკადის მიღება, ვიდრე ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა აღნიშნული დარღვევის შესახებ სიტყვიერად არ მიმართა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რის შედეგადაც ფარანი ახლით შეიცვალა.  

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #89 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა არასათანადო დოკუმენტით კენჭისყრაში მონაწილეობის მცდელობა, რაც აღმოიფხვრა ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #85 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ინცინდენტი, კერძოდ ამომრჩეველს გადაეცა ბიულეტენი შესაბამისი ბეჭდით დამოწმების გარეშე. აღნიშნულ ფაქტს ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამვირვებლის მიერ მოყვა მყისიერი რეაგირება, რის შედეგადაც დარღვევა აღმოიფხვრა.

ახალციხის #37 საარჩევნო ოლქის, #30 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს გადაეცა ხელოუწერელი ბიულეტენი, რაც დაფიქსირებული იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ და დარღვევა აღმოიფხვრა.

უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა (2 ინციდენტი)

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #85 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის ყოფნა. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნულმა პირმა დატოვა საარჩევნო უბნის ტერიტორია.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #89 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ინცინდენტი, საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი, რაც აღმოიფხვრა ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე.

აგიტაცია საარჩევნო უბანზე (2 ინციდენტი)

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #44 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის მიმდინარეობისას დაფიქსირდა აგიტაციის ფაქტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა, ამავე პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წარმომადგენლებისა და ასევე უბანზე მოსული რიგი ამომრჩევლების მხრიდან. ინციდენტი აღმოიფხვრა „მრავალეროვანი საქართველოს“ სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე.

ახალციხის #37 საარჩევნო ოლქის, #24 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარის მიერ, ხელის მანევრის გამოყენებით, დაფიქსირდა ამომრჩევლის მიმართ მითითება, შემოეხაზა პოლიტიკური მოძრაობა ,,ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დმოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი. აღნიშნულ ინციდენტს,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მხრიდან მოყვა სიტყვიერი შენიშვნა.

საარჩევნო უბნის არასათანადოდ მოწყობა (1 ინციდენტი)

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #57 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა უბნის არასათანადოდ მოწყობის ფაქტი, კერძოდ არ მუშაობს ასლგადამღები აპარატი (ქსეროქსი). „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნის მიუხედავად აღნიშნული დარღვევა ვერ იქნა აღმოფხვრილი.

ამომრჩეველთა სიაში წინასწარ დაფიქსირებული ხელმოწერები (1 ინციდენტი)

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #44 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს უსაფუძვლოდ შეეზღუდა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, რადგან სარეგისტრაციო სიაში მისი სახელის და გვარის გასწვრივ უკვე იყო გაკეთებული ხელმოწერა, შესაბამისად მას არ მიეცა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი. იმის გათვალისწინებით, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს ზემდგომი საარჩევნო კომისია, საჩივარი აღნიშნული მოთხვონით ასევე შეტანილ იქნა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

შემაჯამებელი ოქმის არასათანადო შევსება (1 ინციდენტი)

ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #40 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმი არ იყო სრულად შევსებული. კერძოდ, ოქმს აკლდა შევსების თარიღი და დრო, რაზეც „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით. აღნიშნული საჩივარი ასევე შეტანილ იქნა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

სხვა ინციდენტი

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე 18:30 სთ-თვის შეიმჩნეოდა ხალხმრავლობა, კერძოდ პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის მომხრეების მობილიზება. „მრავალეროვანი საქართველოს“ მოსაზრებით, აღნიშნულმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საარჩევნო უბანზე ხმის მიცემისა და უბნის დახურვის პროცესის მშვიდობიან გარემოში წარმართვას, ისევე როგორც წაახალისოს ვითარების შემდგომი ექსკალაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით „მრავალეროვანმა საქართველომ“ თხოვნით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა სამართალდამცავმა უწყებამ დროულად მიიღოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და აღნიშნულის თაობაზე უზრუნველყოს ფართო საჯაროობა, საარჩევნო პროცესის მიმართ მზარდი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალიწინებით.

სულ სადამკვირვებლო პროგრამის ფარგლებში ,,მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ დაფიქსირდა 42 ინცინდენტი:

  • კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გადანაწილების პროცედურის დარღვევა (2 ინცინდენტი)
  • დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა (6 ინცინდენტი)
  • კენჭისყრის ფარულობის დარღვევა (12 ინცინდენტი)
  • ხმის მიცემის მცდელობა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე (5 ინცინდენტი)
  • ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის პროცესის ხელის შეშლის მცდელობა (2 ინციდენტი)
  • განმეორებით ხმის მიცემა/მცდელობა (3 ინციდენტი)
  • კენჭისყრის პროცედურის დარღვევა (4 ინციდენტი)
  • უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა (2 ინციდენტი)
  • აგიტაცია საარჩევნო უბანზე (2 ინციდენტი)
  • საარჩევნო უბნის არასათანადოდ მოწყობა (1 ინციდენტი)
  • ამომრჩეველთა სიაში წინასწარ დაფიქსირებული ხელმოწერები (1 ინციდენტი)
  • შემაჯამებელი ოქმის არასათანადო შევსება (1 ინციდენტი)
  • სხვა ინციდენტი (1)

ასევე დაიწერა 5 საჩივარი, რომელებიც შეტანილია ოლქში. ამ დროსათვის 1 საჩივარი დაკმაყოფილდა.

რაც შეეხება ინციდენტებზე საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ გაკეთებულ რეაგირებას, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გაკეთებული სიტყვიერი შენიშვნების უმრავლესობა აღმოფხვრილ იქნა გონივრულ ვადებაში. ხოლო იმ ინციდენტებზე, რომელთა აღმოფხვრაც არ მოხდა, დაიწერა შესაბამისი საჩივრები.

„მრავალეროვანი საქართველო“ განაგრძობს საარჩევნო ოლქებში არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც დაკვირვება განხორციელდება ორგანიზაციის მიერ  დაწერილი საჩივრების განხილვების პროცესზე.

არჩევნების დღის წინასწარი შეფასება

არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ გარდაბნის #21, მარნეულის #22, ახალციხის #37, ახალქალაქის #40, ნინოწმინდის #41 და ისნის #5 საარჩევნო ოლქებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ძირითადად ჩატარდა მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში. თუმცა აღსანიშნავია, რომ მარნეულისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქებში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა უფრო მწვავე კონკურენციის ფონზე, რაც ამასთანავე გამოიხატა პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერებს შორის კონფრონტაციით.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პირველ ტურთან შედარებით ზოგიერთ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლებისათვის კანონით მინიჭებული უფლების შეზღუდვის მცდელობა. ასევე, მეორე ტურისათვის თვალში საცემი იყო ორივე საარჩევნო სუბიექტთან ასოციერებული არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციული აქტივობა, რაც აფერხებდა საუბნო საარჩევნო კომისიების ეფექტურ ფუნქციონირებას, ასევე დაბრკოლებას უქმნიდა „მრავალეროვანი საქართველოს“ სამონიტორინგო პროგრამის რეალიზებას.

რიგ საარჩევნო უბნებზე ქვემო ქართლის რეგიონში საარჩევნო შედეგების შეჯამების შემდგომ დაფიქსირდა კანდიდატების მომხრეებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ტენდენცია, რამაც საარჩევნო პროცესის ჩაშლის საფრთხე შექმნა.

გარდა აღნიშნულისა, არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში გამოვლინდა სხვა სახის ტენდეციები, მათ შორის ნიშანდობლივია, რომ არსებული მომენტისათვის 159 საარჩევნო უბნიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, სადაც ორგანიზაცია ახორციელებდა დაკვირვებას, გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის 868 წევრი იყო ქალბატონი (საშუალოდ 5 ქალბატონი თითო საარჩევნო უბანზე)
  • 52 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახლდათ ქალბატონი (32.7%)
  • საუბნო საარჩევნო კომისიის 1188 წევრი მიეკუთვნებოდა ეთნიკურ უმცირესობებს (საშუალოდ 7 პირი თითო საარჩევნო უბანზე)
  • საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი თანამდებობა (მდივანი ან თავმჯდომარე) ეკავა ეთნიკურ უმცირესობას მიკუთვნებულ 114 პირს (71.7%).

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ განახორციელა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე სამონიტორინგო პროგრამა.

არჩევნების მეორე ტურზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავდა გარდაბნის #21, მარნეულის #22, ახალციხის #37, ახალქალაქის #40, ნინოწმინდის #41 და ისნის #5 საარჩევნო ოლქებს.

სამონიტორინგო პროგრამაში ჩართული იყო 234 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის საუბნო, მობილური ჯგუფის, საოლქო საარჩევნო კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.

არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით „მრავალეროვანი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა ინციდენტების ცენტრი. ინციდენტების ცენტრის ოპერატორები მუშაობდნენ საგანგებო რეჟიმში და მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან იღებდნენ და ამუშავებდნენ საარჩევნო ხასიათის ინფორმაციას.

გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანისაქართველოს“ ოფისში მოქმედებდა ცხელი ხაზი, რითაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო ესარგებლა და არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამისათვის მიეწოდებინა მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.

არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევდნენ პროგრამის იურისტები.

“მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.