“ამ დრომდე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 41 ინციდენტი, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიებში შევიდა 4 საჩივარი, რომელთაგან 3 ასევე შეტანილ იქნა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში”, – ამის შესახებ “მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენელმა, ალექსანდრა კალატოზიშვილმა საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 21.00 საათისთვის „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი იქნა შემდეგი ხასიათის ინციდენტები:
აგიტაცია საარჩევნო უბანზე (1 ინციდენტი)
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #44 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის მიმდინარეობისას დაფიქსირდა აგიტაციის ფაქტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა, ამავე პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წარმომადგენლებისა და ასევე უბანზე მოსული რიგი ამომრჩევლების მხრიდან. ინციდენტი აღმოიფხვრა „მრავალეროვანი საქართველოს“ სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე.
არასათანადო დოკუმენტით კენჭისყრაში მონაწილეობის მცდელობა (1 ინციდენტი)
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #44 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა ამომრჩეველს უფლება მისცა საარჩევნო უბანზე შესულიყო სხვისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით. აღნიშნულ ფაქტზე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი, რის შედეგადაც ამომრჩეველს დაატოვებინეს საარჩევნო უბანი და შეცვლილ იქნა ნაკადის მარეგულირებელი, ხოლო აღნიშნული კომისიის წევრის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით საჩივარი შეტანილ იქნა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
ამომრჩეველთა სიაში წინასწარ დაფიქსირებული ხელმოწერები (1 ინციდენტი)
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #44 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს უსაფუძვლოდ შეეზღუდა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, რადგან სარეგისტრაციო სიაში მისი სახელის და გვარის გასწვრივ უკვე იყო გაკეთებული ხელმოწერა, შესაბამისად მას არ მიეცა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი. იმის გათვალისწინებით, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს ზემდგომი საარჩევნო კომისია, საჩივარი აღნიშნული მოთხვონით ასევე შეტანილ იქნა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
სხვა ინციდენტი
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე 18:30 სთ-თვის შეიმჩნეოდა ხალხმრავლობა, კერძოდ პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის მომხრეების მობილიზება. „მრავალეროვანი საქართველოს“ მოსაზრებით, აღნიშნულმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საარჩევნო უბანზე ხმის მიცემისა და უბნის დახურვის პროცესის მშვიდობიან გარემოში წარმართვას, ისევე როგორც წაახალისოს ვითარების შემდგომი ექსკალაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით „მრავალეროვანმა საქართველომ“ თხოვნით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა სამართალდამცავმა უწყებამ დროულად მიიღოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და აღნიშნულის თაობაზე უზრუნველყოს ფართო საჯაროობა, საარჩევნო პროცესის მიმართ მზარდი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალიწინებით.
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამას ახორციელებს.
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავს გარდაბნის #21, მარნეულის #22, ახალციხის #37, ახალქალაქის #40, ნინოწმინდის #41 და ისნის #5 საარჩევნო ოლქებს.
არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამაში ჩართულია 234 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის საუბნო, მობილური ჯგუფის, საოლქო საარჩევნო კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით „მრავალეროვანი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს ინციდენტების ცენტრი. ინციდენტების ცენტრის ოპერატორები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. ოპერატორები მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან იღებენ და ამუშავებენ ინფორმაციას.
გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზი, რითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამას მიაწოდოს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.
არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევენ პროგრამის იურისტები.