“ამ დრომდე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 37 ინციდენტი, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიებში შევიდა 2 საჩივარი, რომელთაგან 1 ასევე შეტანილ იქნა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში და დაკმაყოფილდა”, – ამის შესახებ “მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენელმა, ალექსანდრა კალატოზიშვილმა საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესს, „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლინდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, განმეორებითი ხმის მიცემა და მცდელობა, არასათანადო დოკუმენტით კენჭისყრაში მონაწილეობის მცდელობა, აგიტაცია საარჩევნო უბანზე და სხვა ინციდენტები. კერძოდ:
კენჭისყრის ფარულობის დარღვევა (3 ინციდენტი)
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #40 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კენჭისყრა საარჩევნო კაბინის ნაცვლად განახორციელა საარჩევნო ურნასთან.
ნინოწმინდის #41 საარჩევნო ოლქის, #1 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის ორი ფაქტი. ერთ შემთხვევაში, ამომერჩეველმა ტელეფონის გამოყენებით ფოტო გადაუღო ბიულეტენს. ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა ამომრჩეველს მიმართა აღნიშნული ფოტოს წაშლის მოთხოვნით, თუმცა მან არ დააკმაყოფილა მოთხოვნა.
ამავე უბანზე მომხდარი მეორე ინციდენტის დროს კი კომისიის თავმჯდომარემ მას შემდეგ, რაც ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი და გამოვიდა საარჩევნო კაბინიდან, ამომრჩეველს გამოართვა ბიულეტენი იმ მოტივით, რომ გადაემოწმებინა, ბიულეტენი ნამდვილად ეკუთნოდა თუ არა აღნიშნულ საარჩევნო უბანს. შესაბამისად, ბიულეტენის გადამოწმების დროს დაარღვა კენჭისყრის ფარულობა (ვინაიდან მოხდა ბიულეტენის გაშლა).
განმეორებით ხმის მიცემა/მცდელობა (2 ინციდენტი)
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #89 და #49 საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა ნაკადის მარეგულირებლის მიერ მარკირების მქონე პირების საარჩევნო უბანზე შემოშვების მცდელობა. ინციდენტები აღიკვეთა „მრავალეროვანი საქართველოს“ სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე.
არასათანადო დოკუმენტით კენჭისყრაში მონაწილეობის მცდელობა (1 ინციდენტი)
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #22 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა არასათანადო დოკუმენტით (მართვის მოწმობით) კენჭისყრაში მონაწილეობის მცდელობა, რაც ოპერატიოულად იქნა გამოვლენილი ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ და აღნიშნულ ამომრჩეველს არ მიეცა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.
აგიტაცია საარჩევნო უბანზე (1 ინციდენტი)
ახალციხის #37 საარჩევნო ოლქის, #24 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარის მიერ, ხელის მანევრის გამოყენებით, დაფიქსირდა ამომრჩევლის მიმართ მითითება, შემოეხაზა პოლიტიკური მოძრაობა ,,ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დმოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი. აღნიშნულ ინციდენტს,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მხრიდან მოყვა სიტყვიერი შენიშვნა.
კენჭისყრის პროცედურის დარღვევა (1 ინციდენტი)
ახალციხის #37 საარჩევნო ოლქის, #30 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს გადაეცა ხელოუწერელი ბიულეტენი, რაც დაფიქსირებული იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ და დარღვევა აღმოიფხვრა.
საარჩევნო უბნის არასათანადოდ მოწყობა (1 ინციდენტი)
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #57 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა უბნის არასათანადოდ მოწყობის ფაქტი, კერძოდ არ მუშაობს ასლგადამღები აპარატი (ქსეროქსი). „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნის მიუხედავად აღნიშნული დარღვევა ვერ იქნა აღმოფხვრილი.
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამას.
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავს გარდაბნის #21, მარნეულის #22, ახალციხის #37, ახალქალაქის #40, ნინოწმინდის #41 და ისნის #5 საარჩევნო ოლქებს.
არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამაში ჩართულია 234 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის საუბნო, მობილური ჯგუფის, საოლქო საარჩევნო კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით „მრავალეროვანი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს ინციდენტების ცენტრი. ინციდენტების ცენტრის ოპერატორები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. ოპერატორები მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან იღებენ და ამუშავებენ ინფორმაციას.
გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზი, რითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამას მიაწოდოს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.
არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევენ პროგრამის იურისტები.