“უბნების 69.3%-ზე ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა ერთ ამომრჩეველს წუთში, ხოლო უბნების 30.7%-ზე ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-დან 2 ამომრჩევლამდე წუთში”, – – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ამ დროსათვის „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მნიშვნელოვანი ტენდენციის სახით გამოიკვეთა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობები. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, სხვადასხვა ოლქებში, საარჩევნო უბნების მიმდებარედ, შეინიშნება „ქართული ოცნებისა“ და კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებისა თუ ე.წ. კოორდინატორების მობილიზება და მათი მიერ საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვა. ერთ-ერთი უბნის მიმდებარედ, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა ასევე დააფიქსირა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი”, – თქვა ბენიძემ.
მისი ინფორმაციით, კვლავ გრძელდება და ტენდეციის სახე მიიღო კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებმა. წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტების გათვალისწინებით, შემაშფოთებელია საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, რადგან აღნიშნული ხელს უშლის ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას.
“სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე და მათ მიმდებარედ, დაფიქსირდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისადმი აგრესიული დამოკიდებულებისა და სადამკვირვებლო საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევები. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა და სხვა დამკვირვებლებმა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებს ფოტო-ვიდეო გადაღება და უბანზე შესვლა შეუზღუდეს. გარდა ამისა, მარნეულის ოლის #10 საარჩევნო უბანზე, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს კომისიის თავმჯდომარემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მსგავსი ფაქტები კატეგორიულად მიუღებელია. „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და უზრუნველყოს დამკვირვებლებისთვის უსაფრთხოდ და თავისუფლად დაკვირვების შესაძლებლობა”, – განაცხადა ბენიძემ.
მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის, „სამართლიანმა არჩევნება“ საუბნო საარჩევნო კომისიებში 22 საჩივარი შეიტანა. ასევე, 22 საჩივარი არის წარდგენილი საოლქო საარჩევნო კომისიებში.
რაც შეეხება დარღვევებს, ამ ეტაპისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:
ამომრჩევლის მოსყიდვა
- #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #65 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე უბნის გახსნის შემდეგ შეიმჩნევა ხალხის მობილიზება და გადაადგილება. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა ერთ შემთხვევაში დააფიქსირა „ქართული ოცნების“ ე.წ. კოორდინატორის მიერ ფულის გადაცემის ფაქტი უბნის მიმდებარედ მყოფი ამომრჩევლისთვის. დამკვირვებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რა თანხა გადასცა კოორდინატორმა ამომრჩეველს, კოორდინატორმა უპასუხა, რომ ფული ასესხა. ასევე, აღსანიშნავია, რომ დამკვირვებლის მიმართ უბნის გარეთ მყოფი პირები იყვნენ აგრესიულები და ხელს უშლიდნენ დამკვირვებელს საქმიანობაში.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #74 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემის კაბინაში ბიულეტენისათვის სურათის გადაღების ხუთამდე ფაქტი. ფოტოებს ამომრჩევლები უბნის გარეთ მდგარ სამარშუტო ტაქსში მყოფ პირებს აჩვენებდნენ.
- #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #80 საარჩევნო უბანზე სამმა ამომრჩეველმა კაბინიდან გამოსვლისას „#48“ შემოხაზული ბიულეტენი დაანახეს კომისიას. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინა რეაგირება და მისცა შესაბამისი მითითება, რომ კონვერტში მოეთავსებინათ ბიულეტენი.
- #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე სამ ამომრჩეველს საარჩევნო კაბინიდან გამოსვლის შემდგომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ღიად შეუმოწმა საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული არჩევანი.
ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედების სავარაუდო მცდელობა
- #14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც სიებში აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს. მათ გამოხატეს აგრესია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელის მიმართ, რომელიც ცდილობდა ფაქტის დაფიქსირებას.
- #11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები, რომლებიც სიებში აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს.
- #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბნის გარეთ მანქანაში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ რამდენიმე ე.წ. კოორდინატორი, რომლებსაც ჰქონდათ ამომრჩეველთა ფოტოებიანი სიები და აღრიცხავდნენ, თუ ვინ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
- #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #30, #31, #32, #33 და #40 საარჩევნო უბნების გარეთ მობილიზებულები იყვნენ „ქართული ოცნების“ ე.წ. კოორდინატორები, რომლებიც აღრიცხავდნენ ამომრჩევლებს.
- #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელები, რომლების სიებში აღრიცხავდნენ ამომრჩეველთა გამოცხადებას. დამკვირვებლის მისვლის შემდეგ მათ დატოვეს საარჩევნო უბნის ტერიტორია.
- #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #56, #58, #59 და #87 საარჩევნო უბნების გარეთ იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებსაც ჰქონდათ სიები, თუმცა დამკვირვებლის მიახლოებისას ისინი მალავდნენ აღნიშნულ დოკუმენტაციას.
- #62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის #33 და #36 საარჩევნო უბნების წინ მობილიზებული იყვნენ პედაგოგები, დირექტორები და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები.
- #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ ოფისთან სამარშუტო ტაქსით ამომრჩევლები ჩამოიყვანეს, რომლებსაც უთხრეს, რომ მიიყვანდნენ საარჩევნო უბნებზე, სადაც დააფიქსირებდნენ თავიანთ არჩევანს.
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #25, #31, #32, #65, #69 და #77 საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ აგიტატორები იყვნენ მობილიზებულები, ხოლო #58 უბანთან იმყოფებოდა ასევე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ომარ მახარაძეც, რომელიც აგიტაციას ეწეოდა.
- #8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #34 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი ამომრჩევლის სახელს და გვარს ხმამაღლა კითხულობდა და ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისათვის“ წარმომადგენელი აღნიშნულ მონაცემებს ბლოკნოტში ინიშნავდა.
დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა და ფიზიკური ძალადობა
- #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს შეუზღუდეს ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება. საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ტელეფონით გადაღება საარჩევნო უბანზე აკრძალულია. იგი დამკვირვებელს „თავის დაჩეჩქვით“ დაემუქრა და ტელეფონის წართმევაც სცადა. დამკვირვებელმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიას წარუდგინა საჩივარი. რეგისტრაციის ცნობის მოთხოვნის შემდეგ, მას კომისიის თავმჯდომარემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და უბნიდან გამოაძევა.
- #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე სამოქალაქო ალიანსი „განვითარების“ დამკვირვებელს ჰქონდა მცდელობა ხელი შეეშალა „სამართლიანი არჩევნების“ მობილური ჯგუფის წარმომადგენელისთვის საარჩევნო უბანზე შესულიყო. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მითითება მისცა სამოქალაქო ალიანსი „განვითარების“ დამკვირვებელს.
- #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ და საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს შეუზღუდეს ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება და არ მისცეს მიმდინარე პროცესებზე სრულყოფილად დაკვირვების საშუალება. კომისიის თავმჯდომარე დაემუქრა და გაფრთხილება მისცა დამკვირვებელს, რომ გააძევებდა უბნიდან.
საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება
- #21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმა დროის მოგების მიზნით წინასწარ მოაწერეს ხელი შემაჯამებელ ოქმს. საოლქო კომისიამ დალუქა და ოლქში წაიღო აღნიშნული შემაჯამებელი ოქმი.
- #30 კასპის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანზე; #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე და #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიაში არ იყო გაკეთებული მითითება გადასატანი ყუთის შესახებ.
- #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბანზე სადემონსტრაციო ოქმში არ შეიტანეს მიღებული ბიულტენების რაოდენობა.
სიაში ხელის არასწორად მოწერა
- #62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ორ ამომრჩეველს ხელი სიაში არასწორად მოაწერინა.
- #56 ჭიათურის საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ხელი არ მოაწერინა ამომრჩეველს სათანადო გრაფაში.
გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული ხარვეზები
- #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი გადასატანი ყუთის სიაში აღმოჩნდა, რაზეც ამომრჩეველმა განაცხადა, რომ მას არ მოუთხოვია გადასატანი ყუთით ხმის მიცემა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, მათ ინფორმაცია სატელეფონო ზარით მიიღეს, რის საფუძველზეც შეიყვანეს ამომრჩეველი გადასატანი ყუთის სიაში. საბოლოოდ ამომრჩეველმა უბანზე ხმის მიცემა ვერ შეძლო.
- #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში მყოფ ამომრჩეველს ხმა მიაცემინეს საარჩევნო უბანზე.
კონვერტის გარეშე ბიულეტენის მოთავსება
- #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანზე და #30 კასპის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბაზე ორმა ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე მოათავსა საარჩევნო ყუთში.
ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის PVT შედეგების საფუძველზე
ხმების პარალელური დათვლის (PVT) მონაცემებით 12:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 19.5% (+/-0.3% ცდომილების ხარისხით) შეადგინა, რაც არჩევნების პირველი ტურის მონაცემთან შედარებით უფრო მაღალია (16.0%).
თბილისში 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 18.2%-ია, რაც წარმოადგენს ზრდას არჩევნების პირველ ტურზე 12 საათისთვის დაფიქსირებულ ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემთან შედარებით (13.2%). რეგიონებში (თბილისი გარდა) ამომრჩეველთა აქტივობამ 19.9% შეადგინა, მაშინ როდესაც არჩევნების პირველ ტურზე ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი 12 საათისთვის რეგიონებში 15.8% იყო.
PVT-ის ინფორმაციის ანალიზი, ასევე, იძლევა საშუალებას ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემების საფუძველზე დადგინდეს თითოეულ დასაკვირვებელ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სიჩქარე. მიღებული ინფორმაციის თანახმად, უბნების 69.3%-ზე ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა ერთ ამომრჩეველს წუთში, ხოლო უბნების 30.7%-ზე ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-დან 2 ამომრჩევლამდე წუთში.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდება. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 651 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ასევე წარმოდგენილი არიან საზღვარგარეთ გახსნილ 12 საარჩევნო უბანზე. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 15 ოპერატორისა და 10 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.
„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას 12 საათზე ამომრჩეველთა აქტივობისა და 15 საათისთვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.
„სამართლიანი არჩევნები“ გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას არჩევნების პორტალის – www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც საარჩევნო დარღვევები ინციდენტების რუკაზე აისახება. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039.
„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.
“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა/ID ბარათი ან პასპორტი.