12 საათისათვის კენჭისყრის პროცესი მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენელმა, პაატა ყვავაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესის დაწყების პერიოდში, CDD-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირებულია, ერთეული, მცირე პროცედურული ხასიათის დარღვევები. კერძოდ:
- წილისყრის პროცედურის დარღვევით – არათანმიმდევრული ჩატარება. აქვე, აღსანიშნავია, კომისიის წევრების მხრიდან გადასატანი ყუთის წილისყრის პროცესში მონაწილეობაზე უარის ფაქტები, რაც წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის დარღვევას.
- მარკირების პროცედურის არასათანადო წარმოება (ამომრჩევლების არ შემოწმება).
- საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება (მათ შორის: საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსება).
- ამომრჩევლის ნების კონტროლის სავარაუდო ქმედება და ფარულობის დარღვევა (ამომრჩეველის მიერ კაბინის გარეთ ხმის მიცემა. ასევე, სოციალურ ქსელებში განთავსებული შემოხაზული ბიულეტენის ფოტოები – პირადობის მოწმობასთან ერთად).
“საყურადღებოა, რომ მეორე ტურის მიმდინარეობის დროსაც გრძელდება მანკიერი პრაქტიკა – საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიტიკური პარტიების აქტივისტების, კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზებისა. აღნიშნული ქმედება, არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, თუმცა აღნიშნული პირების მხრიდან მოსულ ამომრჩეველთან კომუნიკაცია და მონაცემების აღრიცხვა შესაძლებელია აღქმულ იქნას, როგორც ამომრჩევლის ნებაზე არაპირდაპირ ზეწოლა. ასევე, არსებული პოლარიზებული ფონის გათვალისწინებით, მსგავსი მობილიზაცია ზრდის დაპირისპირების ალბათობას. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტს და მათ წარმომადგენლებს ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში წარმართვას, რათა ამომრჩეველმა მოახერხოს საკუთარი ნების დაფიქსირება მშვიდ და თავისუფალ გარემოში”, – განაცხადა ყვავაძემ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, CDD-ში ფუნქციონირებს არჩევნების დღის ცხელი ხაზი (790 333 111), რომლის მეშვეობით, მოქალაქეებს, ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ.