ELLE: მოგწყინდათ ევროპა და აზია? ეწვიეთ საქართველოს

812

“ჩვენ ბრიტანეთის ყველაზე ცნობილ ტურისტულ ექსპერტებთან ერთად ვეცადეთ შეგვერჩია ის მიმართულებები, რომლებიც თქვენს 2019 წლის გეგმაში აუცილებლად უნდა შეიტანოთ“, – ასე იწყებს “ELLE-ის” ბრიტანული რედაქცია იმ 18 ადგილის ჩამოთვლას, რომელთა ნახვასაც საკუთარ მკითხველებს 2019 წელს ურჩევს.

ავტორი წერს, რომ მსოფლიოს მოგზაურთა თითქმის ნახევარი უფრო და უფრო მეტ თავგადასავალს ეძებს, ახალგაზრდა მოგზაურები კი განსაკუთრებით ცდილობენ ჯერ კიდევ ფეხდაუდგმელი ადგილების პოვნას, ანუ ისეთის, ჯერ რომ არავის გამოუფენია ინსტაგრამზე. გამოცემის სიაში მე-12 საქართველოა.

 

“მოგწყინდათ ევროპა და აზია? ეწვიეთ საქართველოს. ის ზღვის დონიდან 1 500 მეტრზე მდებარეობს და თანაც საუკეთესო საწყისი წერტილია, თუკი მთელი რეგიონის მონახულებასაც გადაწყვეტთ. სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი დიდებული ადგილია. სწორედ აქედან შეგიძლიათ დაიწყოთ ამ ქვეყნის კულტურისა და ისტორიის გაცნობა“, – წერს გამოცემა და აქტიურ ტურისტებს ჭალაადის მყინვარისა და უშბასთან მდებარე ტბებით დაინტერესებას ურჩევს.

ამასთან, გამოცემის გურმანებისთვის აუცილებლად დასაგემოვნებელ კერძების სიაშია კუბდარი და თაშმიჯაბი.

გამოცემის აზრით, საუკეთესო დრო საქართველოში სამოგზაუროდ, ამინდისა და იაფი ფრენების გათვალისწინებით, ნაკლებად ცხელი თვეები, მაისი, ივნისი და სექტემბერია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც თბილისის მონახულებას აპირებს. მათ კი, ვინც საქართველოში ვიზიტს შემოდგომაზე გეგმავს, ELLE კახეთში წასვლასაც ურჩევს.

სტატიის სრულად სანახავად გადადით ბმულზე.