რა იყრება ვერეს ხეობაში – სამშენებლო ნარჩენი თუ მიწა?

988

დღეს სოციალურ ქსელ facebook-ში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ თბილისიდან სოფელ ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, ზუსტად იმ ადგილას, სადაც 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობისას ტერიტორია დაიმეწყრა, სამშენებლო ნარჩენებს ყრიან. ვიდეოს ავტორის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მოსახლეობა ხშირად ნახულობს სამშენებლო ნარჩენით სავსე მანქანებს, რომლებიც ნარჩენს ხევში ყრიან.

მანქანის მძღოლი, რომელიც კადრებშია დაფიქსირებული, ამბობს, რომ მას ამის ნებართვა აქვს. კადრებში, მანქანაზე დაფიქსირებულია კომპანიის ტელეფონის ნომერიც. droa.ge დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეეცადა აღნიშნულ ნომერზე კომპანიასთან დაკავშირებას, თუმცა, სატელეფონო ზარებს არავინ უპასუხა.

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, მუნიციპალური ნარჩენების მართვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საკუთარ უფლებასმოსილებას წარმოადგენს. დედაქალაქში, ამ უფლებამოსილების ფარგლებში, საქმიანობს მუნიციპალური კომპანია “თბილსერვის ჯგუფი”.

კომპანიის დირექტორის, ლევან ჯღარკავას თქმით, კონკრეტული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა, აქვე, ამბობს, რომ მანქანით არა სამშენებლო ნარჩენი, არამედ მიწა მიიტანეს.

droa.ge-სთან ლევან ჯღარკავამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები, რაც ტერიტორიაზე ამ დრომდე დაყრილი სამშენებლო ნარჩენის მიწით დაფარვას და ტერიტორიის მოსწორებას ითვალისწინებს. შესაბამისად, მანქანები, რომლებიც ტერიტორიაზე მოძრაობენ, მიწას “თბილსერვის ჯგუფის” ნებართვით ყრიან. ჯღარკავას ინფორმაციითვე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მუდმივად იმყოფებიან კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც, ნებისმიერ კომპანიასა თუ პირს, ვინც სამშენებლო ნარჩენს დაყრის, დააჯარიმებენ.

კითხვაზე, რატომ არ გააქვთ ტერიტორიიდან დღემდე დაყრილი სამშენებლო ნარჩენი, ლევან ჯღარკავამ უპასუხა, რომ მისი მოცულობა იმდენად დიდია, რომ ნარჩენისგან ტერიტორიის გასუფთავება დროსთან და მილიონობით ლართანაა დაკავშირებული. ამიტომაც, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამშენებლო ნარჩენი მიწით დაიფაროს და ასე მოწესრიგდეს ტერიტორია.

“თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის ინფორმაციით, სამშენებლო ნარჩენების პოლიგონი ფუნქციონირებს გლდანში, სადაც კომპანიებს შეაქვთ კიდეც მშენებლობებისას მორჩენილი ნაგავი. რაც შეეხება ჯარიმებს, “თბილსერვისის” სტატისტიკური მონაცემებით, გასულ წელს 483 ჯარიმის ოქმია დაწერილი, რაც თანხობრივად 533 290 ლარს შეადგენს.