ახალციხის მერია საახალწლო ღონისძიებისთვის 19 057 ლარს დახარჯავს

672

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების უზრუნველყოფისთვის ახალციხის მერიამ ტენდერი 19 057 ლარზე გამოაცხადა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება სამი დეკემბრიდან დაიწყება.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მიმწოდებელმა ოთხი ცალი თოკით გასაჭიმი ბანერი უნდა დაამზადოს, რომელზეც წარწერა “გილოცავთ ახალ 2019 წელს“ იქნება, ასევე, უნდა მოძებნოს გამოცდილი წამყვანი ღონისძიებისთვის, დაამონტაჟოს საახალწლო განათებები და ბანერები ახალციხის 13 სკვერში, ვალესა და სოფლებში, შეიძინოს სხვადასხვა საახალწლო ფიგურა, რომლებსაც დაამონტაჟებს ქალაქის ცენტრალურ პარკში, აქვე მოაწყოს ნაძვის ხე და დაამზადოს 300 ცალი მისალოცი ბარათი.

28–31 დეკემბერს თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმული ექვსი მსახიობი ახალციხის სოფლებს შემოივლიან, ადგილობრივებს ახალ წელს მიულოცავენ და პატარებს ტკბილეულს დაურიგებენ.

31 დეკემბერს 16:00–საათიდან 19:00–საათამდე ქალაქის ცენტრში კონცერტი გაიმართება, სადაც ბენდი და ასევე, სოლო მომღერლები იმღერებენ. ტენდერში გამარჯვებულმა მათთვის გახმოვანების აპარატურა უნდა იქირაოს.

2018 წლის საახალწლო ღონისძიებებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 000–მდე ლარი დაიხარჯა.