თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ფარგლებში, 30 ნოემბერს დედაქალაქში “თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი” გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფორუმის ძირითადი მიზანია, ღამის ეკონომიკის მდგრადი განვითარების პროცესში შემუშავდეს და შეიქმნას ფართო დიალოგი სტრატეგიის განვითარებასა და სწორი მენეჯმენტის შემუშავებაში.
ფორუმი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა უცნობი ადგილების გამოცოცხლება, ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაცია, მოქალაქეების კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა, კიდევ უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნა და თბილისის განსხვავებული და ახალი კუთხით წარდგენა.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და მსურველებს რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე შეიძლიათ.
ღონისძიებაში მონაწილეობენ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები. მათთან ერთად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აუდიტორიას თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ მდგრადი ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის.
დისკუსია გაიმართება შემდეგ თემებზე: ღამის ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობები; ტურიზმი ღამის ეკონომიკის ჭრილში; თბილისის ღამის ეკონომიკის სტრატეგიის განსაზღვრა; ღამის ტრანსპორტი; ღამის საათებში მომუშავე ობიექტები და რეგულაციები; ურბანული დიზაინი; აუთვისებელი სივრცეების გააქტიურება; აკუსტიკური დანაგვიანება;
ამასთან, შეგახსენებთ, რომ თბილსიის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, “ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმს” ღამის მერები დაესწრებიან.