თბილისში ნაძვის ხე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, შესაძლოა, სხვა ადგილზე დადგან

2505

წინა სტატია

თბილისის მერიამ ნაძვის ხის განთავსების ადგილი შესაძლოა, შეცვალოს. “ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საახალწლოდ ნაძვის ხე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, შესაძლოა, ევროპის ან რესპუბლიკის მოედანზე დაიდგას.

თბილისის მერიაში ნაძვის ხის განთავსების ადგილის შესაძლო შეცვლას არ გამორიცხავენ, თუმცა განმარტავენ, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

“ამ საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება დეკემბრის დასაწყისში იგეგმება“, – განაცხადეს თბილისის მერიაში.

თბილისის მერიამ ორი კვირის წინ, ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა პარლამენტის წინ აქციას მართავენ, სხვა ტერიტორიაზე გადანაცვლება სთხოვა, რასაც მათი და საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ნაძვის ხის სხვა ადგილზე შესაძლო განთავსების გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულს უნდა უკავშირდებოდეს.

შეგახსენებთ, რომ “თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო.

“შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ თბილისი საახალწლოდ აუცილებლად იქნება ძალიან ლამაზი, რითაც ბევრი ადამიანი ისიამოვნებს”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. ამასთან, კალაძე სავაჭრო ობიექტების მფლობელებს მოუწოდებს, საახალწლოდ ფასადზე თითო სათამაშო ჩამოკიდონ.